Aa
Aa

5:1 - "ბარსამ" "რეალი" კვლავ გაანადგურა - ამჯერად მესის გარეშე

სეზონის პირველი "ელ კლასიკო" "ბარსელონას" დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

კატალონიელებმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარეს და "რეალს" შანსი არ დაუტოვეს.

ანგარიში მე-11 წუთზე ფელიპე კოუტინიომ გახსნა, თუმცა მთავარი თავად შეტევა იყო. რაკიტიჩმა ულამაზესი გადაცემით ალბა ფლანგზე მარტო დატოვა, რომელმაც ჭკვიანური პაუზის შემდეგ კართან მდგომ ბრაზილიელს უპასა და - 1:0.

"ბარსამ" სხვაობა ორამდე 30-ე წუთზე გაზარდა. ალბას გადაცემის შემდეგ სუარესმა ბურთზე ვარანს დაასწრო, ამ უკანასკნელმა კი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ურუგვაელს უკნიდან ფეხში ჩაარტყა.

ვიდეო რეფერის გამოყენების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა. სუარესმა ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.

მეორე ტაიმში "რეალი" გამოფხიზლდა და ერთი ბურთი მალევე გაქვითა. 50-ე წუთზე მარსელომ კატალონიელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და პიკეს დასწრებაზე აჯობა, რის შემდეგაც გატანა არ გასჭირვებია - 1:2.

ამის შემდეგ მალევე იყო ეპიზოდი, რომელმაც "რეალის" განადგურებას სათავე დაუდო. "ბარსა" მცირე ხნით აირია და სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს. ლუკა მოდრიჩმა აუცილებლად გასატან სიტუაციაში ბურთი ძელს გაარტყა.

ამის შემდეგ "ბლაუგრანამ" უპირატესობა დაიბრუნა და ის ბოლო წამამდე შეინარჩუნა.

75-ე წუთზე სუარესმა დუბლი გაიფორმა. სერხი რობერტოს გადაცემის შემდეგ "ელ პისტოლერომ" თავით აუღებელი დაარტყა - 3:1.

83-ე წუთზე რამოსმა ბურთი დაკარგა, რობერტომ კი სუარესი ერთი-ერთზე დატოვა. ურუგვაელმა მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა და კურტუას ბურთი თავზე გადაუგდო - 4:1.

87-ე წუთზე უსმან დემბელემ ნაჩო მარტივად ჩამოიშორა და საჯარიმოში არტურო ვიდალს ბურთი თავზე დაასვა. ჩილელმა თავისი პირველი ბარსელონური გოლი "რეალის" კარში შეაგდო - 5:1.

"რეალი" კლასიკოში კიდევ ერთხელ განადგურდა. ხულენ ლოპეტეგის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ფლორენტინო პერესი ესპანელ სპეციალისტს მალე დაითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები