Aa
Aa

"ელ კლასიკო" - ტაქტიკური ანალიზი, ისტორია და სტატისტიკა

და აი დადგა ის მომენტი, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა - კვირას თბილისის დროით 19:15 საათზე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართება.

მესისა და რონალდუს გარეშე - ვიდეო რეფერისთან ერთად

წლევანდელი კლასიკო უცნაური იქნება, რადგან ის მესისა და რონალდუს გარეშე გაიმართება, თუმცა ყველაფერს აქვს მეორე მხარე. ამ ორი მონსტრის გარეშე გუნდების ხილვა საინტერესო იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ "ბარსა" და "რეალი" ამჟმად თანაბრად არიან. მესის თამაშის შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ კატალონიელებს აშკარა უპირატესობა ექნებოდათ.

"კამპ ნოუზე" გასამართი კლასიკო გამორჩეული კიდევ ერთი რამით იქნება - ვიდეო რეფერი.

დღემდე უამრავი საკამათო ეპიზოდი გვახსოვს, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამჟამად კი ასეთი რამ გამორიცხულია.

VAR-ის სისტემას ესპანეთში ყველაზე ხშირად იყენებენ და ეს მოსალოდნელიც იყო, თუ ადგილობრივი მსაჯების კვალიფიკაციას გავითვალისწინებთ...

რა მდგომარეობაში ხვდებიან გუნდები შეხვედრას

ამ მომენტისთვის ვალვერდეს გუნდი 9 ტურის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ხოლო "რეალი" 14 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" სეზონის სტარტზე პრობლემები ჰქონდა და დაცვის ხაზი უამრავ შეცდომას უშვებდა, მწვრთნელმა ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო და შეიძლება ითქვას ამ მომენტისთვის "ბლაუგრანამ" თავისი თამაში იპოვა. ეს "ტოტენჰემის", "სევილიასა" და "ინტერის" წინააღმდეგ დადასტურდა.

რაც შეეხება "რეალს", ლოპეტეგიმ გუნდში არსებული სიტუაცია ჯერაც ვერ დაალაგა.

"ლოს ბლანკოსი" თავის თავს არ ჰგავს და უამრავ გაუთვალისწინებელ ქულას კარგავს. იმ მატჩებშიც კი სადაც მადრიდელები იმარჯვებენ, ეს საკმაოდ ბევრი შეცდომის თანხლებით ხდება.

რაც შეეხება დანაკლისს, მასპინძლებს მესი, უმტიტი და ვერმალენი ვერ დაეხმარებიან და ეს აქამდეც ცნობილი იყო. სხვა მხრივ ვალვერდეს პრობლემები არ აწუხებს.

დანაკლისია სტუმართა რიგებშიც. ლოპეტეგის დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება დანი კარვახალი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, თუმცა სათანადო ფორმაში არ იმყოფება. იგივეს თქმა შეგვიძლია მარსელოზეც, თუმცა ბრაზილიელი აუცილებლად ითამაშებს.

ტაქტიკა - ჩვენ განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ

დავიწყოთ მაპსინძლებით. ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკური მონახაზი "ინტერთან" მატჩისას გამოიკვეთა.

ბასკი სპეციალისტი არასტაბილურ და ჩამოუყალიბებელი ხასიათის მქონე დემბელეს არ ენდობა და ეს ჩემპიონთა ლიგაზეც გამოჩნდა, როცა ფრანგ შემტევს მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა.

"ბარსა" სავარაუდოდ 4 მცველით, 5 ნახევარმცველითა და 1 ფორვარდით ითამაშებს, თუმცა ეს იქნება საკმაოდ მოქნილი და მოძრავი სქემა.

უკანა ხაზი ალბა, ლენგლე, პიკე, სემედუს ოთხეულით დაკომპლექტდება.

ვალვერდე სერხი რობერტოს ნახევარდაცვაში გამოყენებას გეგმავს. ასე იყო "ინტერთანაც", როცა რაფინიამ მოედანი დატოვა და რობერტომ ნახევარდაცვაში აიწია, ფლანგზე კი სემედუ დადგა.

მიუხედავად რაფინიას კარგი თამაშისა, "რეალის" წინააღმდეგ მისი ძირითადში გამოჩენა მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტურის ტრიო ნახევარდაცვის ცენტრს გაამაგრებს. მათზე ოდნავ წინ იმოქმედებენ რობერტო და კოუტინიო.

ფორვარდი რა თქმა უნდა სუარესი იქნება.

"ბარსა" არტურის ძირითადში გამოჩენის შემდეგ ჩვეულ სტილში ათამაშდა. შეიძლება ითქვას 21 წლის ბრაზილიელმა ტიკი-ტაკა დააბრუნა და ქომაგებს ეს ძალიან მოეწონათ.

"ინტერთან" მისი მოედნიდან გასვლის მომენტში ტრიბუნებმა სტვენა დაიწყეს, რადგან არტურის მოედნიდან გასვლა არ მოეწონათ.

ვალვერდე აქტიურ პრესინგს გამოიყენებს და "რეალს" მისსავე ნახევარზე დიდ პრობლემებს შეუქმნის.

შემადგენლობიდან გამომდინარე რთული მისახვედრი არ იქნება, თუ ვინ გააკონტროლებს ბურთს.

მოკლე და ზუსტი გადაცემები, ერთი შეხებით თამაში, ლამაზი და მახვილგონივრული შეტევები - ასეთი რამ ვალვერდეს ხელში აქამდე არ გვინახავს, თუმცა ბოლო შეხვედრებში ჩვენ ეს ვიხილეთ და როგორც ესპანური პრესა მიიჩნევს, ეს მხოლოდ მესის დამსახურება როდია. მაში უდიდეს როლს არტურიც თამაშობს.

სათადარიგოთა სკამზე კატალონიელებს დემბელეს იმედი უნდა ჰქონდეთ. მალკომის გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვინ იცის...

სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური, სერხი რობერტო, კოუტინიო, სუარესი.

"ბარსას" შედევრი - გოლი ბოლო კლასიკოდან

ხულენ ლოპეტეგი წლევანდელ სეზონში მადრიდულ ინჩადას ახალს ვერაფერს სთავაზობს.

რონალდუს წასვლის შემდეგ იყო მოლოდინი და დაანონსებულიც, რომ გუნდი ისკოსა და ასენსიოზე გადაეწყობოდა, თუმცა ესპანელები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იმყოფებიან.

"რეალს" არ ჰყავს ლიდერი. ამ როლს მოედანზე ვერავინ ასრულებს. პირველ რიგში ყველაზე მეტი გარეთ ბეილს მოეთხოვება და "ელ კლასიკო" მისთვის მორიგი შანსი იქნება.

მთავარი პრობლემა ნახევარდაცვაა. მოდრიჩი და კროოსი გასული სეზონის მსგავსად ვეღარ დომინირებენ და ეს გუნდის თამაშზე ისახება.

დაცვა კატასტროფულ ფორმაშია. თუ "ბარსას" პიკეს სახით წელს დიდი სუსტი წერტილი აქვს, "რეალის" ოთხივე მცველზე იგივეს თქმა შეგვიძლია.

მადრიდელები გოლებს არაფრისგან უშვებენ და მწვრთნელი ამის გამოსწორებას ვერ ახერხებს.

ვინ იცის, იქნებ კლასიკოს მოგებამ ყველაფერი დაალაგოს.

ლოპეტეგი "კამპ ნოუზე" ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ შეეცდება. კარს კურტუა დაიცავს. უკანა ხაზს მარსელო, რამოსი, ვარანი და ოდრიოსოლა დააკომპლექტებენ.

კარვახალმა დაზიანება ახლახანს მოიშუშა და 100%-ით მზად არ არის. ლუკას ვასკესის ასეთი დონის შეხვედრაში მცველად გამოყენება კი დიდი რისკი იქნება.

კაზემირო, კროოსი, მოდრიჩის ტრიოზე გუნდის ბედი იქნება დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ კატალონიელების შუახაზის ამჟამინდელ ფორმას, "რეალი" ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.

ლოპეტეგი სავარაუდოდ ბეილი-ბენზემას დუეტს ხელს არ ახლებს და მათ უკან ისკოს გაამწესებს.

ლოპეტეგის გუნდმა ბურთი უნდა დაიჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში "რეალს" პრობლემები შეექმნება. იგივეს თქმა "ბარსაზეც" შეგვიძლია. გუნდების უკანა ხაზი იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურება, რომ დიდი ზეწოლის შემთხვევაში მათ კარში გოლი გარდაუვალია.

ასენსიო და დიასი თადარიგში დარჩებიან. გუნდები ნახევარდაცვაზე გაამახვილებენ ყურადღებას და აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი კლასიკო შესაძლოა მწირგოლიანი გამოდგეს, თუმცა ვინ იცის...

სავარაუდო შემადგენლობა: კურტუა, ოდრიოსოლა (ნაჩო), ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბეილი, ბენზემა.

მადრიდელთა ყველაზე დასამახსოვრებელი გოლები "კამპ ნოუზე"

ელ კლასიკოს ისტორია - ურთიერთშეხვედრები და ბოლო დროინდელი მატჩები

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს "ბარსა" და "რეალი" "კლასიკოს" მოგებას უფრო ხშირად სტუმრად ახერხებენ, ვიდრე საკუთარ მოედანზე.

„ნოუ კამპზე“ გამართულ ბოლოდროინდელ შეხვედრებში უპირატესობა „რეალს“ აქვს, რომელმაც უკანასკნელი 6-დან 3 მატჩი მოიგო - 2 ფრე და 1 წაგება.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 16-დან 14 მატჩში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა.

ლა ლიგის ეგიდით "ბარსელონამ" და "რეალმა" სულ 176 მატჩი გამართეს, რომელთაგან მადრიდელებმა 72 მოიგეს, ხოლო კატალონიელებმა 70.

ბურთების შეფარდებაში "რეალს" მცირე უპირატესობა აქვს - 285-282-ზე.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ "ელ კლასიკოებს", ასეთი სულ 8 მატჩი იყო, რომელთაგან "რეალმა" 3 მოიგო, 3 ფრედ დასრულდა და 2-ჯერ "ბარსამ" გაიმარჯვა.

ბურთების ბალანში წინ აქაც "რეალია" - 13-10-ზე.

ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით სულ 33 მატჩი გაიმართა, რომელთაგან 14 "ბარსამ" მოიგო, 12 "რეალმა", 7-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.

ბურთების შეფარდებაში უპირატესოვა კვლავ "რეალს" აქვს - 64-63-ზე.

ესპანეთის სუპერ თასზე "ელ კლასიკო" სულ 13-ჯერ გაიმართა. აქედან, "რეალმა" 8 მოიგო, "ბარსამ" კი 4. 2 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

ბურთების შეფარდებით "რეალი" საგრძნობ უპირატესობას ფლობს - 30-18-ზე.

"ელ კლასიკო" ისტორიის მანძილზე უამრავჯერ გაიმართა და ეს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით ხდებოდა. ზოგიერთი მათგანი ახლა აღარ არსებობს, ზოგიერთი კი ამხანაგური იყო.

თუ, გავითვალისწინებთ ყველა ოფიციალურ და არაოფიციციალურ ტურნირს, მაშინ სულ მივიღებთ 270 კლასიკოს, რომელთაგან 111 შეხვედრა "ბარსამ" მოიგო, 99 კი "რეალმა".

ბურთების შეფარდებაში უპირატესობა "ბარსას" აქვს - 469-444-ზე.

ბარსელონაშიც და რეალშიც - ყველაზე თავზეხელაღებული მოთამაშეები

არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც ვისაც, ისტორიის განმავლობაში "ბარსელონასა" და "რეალის" ღირსება დაუცავთ. ისტორიაში ასეთი 10 მოთამაშე იყო.

ლუიშ ფიგუ, ბერნდ შუსტერი, რონალდო, სამუელ ეტოო, მიქაელ ლაუდრუპი, გეორგე ჰაჯი, ჟულიენ ლოპეტეგი, რობერტ პროსინეჩკი, ხავიერ სავიოლა და ლუის ენრიკე - ამ მოთამაშეებს გამბედაობა ეყოთ და ორივე გუნდის ღირსება დაიცვეს.

თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ხსენებული 10 ფეხბურთელიდან მხოლოდ 4 მათგანია ისეთი, ვინც პირდაპირ "ბარსადან" "რეალში" (ან პირიქით) გადავიდა - ლაუდრუპი, ფიგუ, ლუის ენრიკე და ბერნდ შუსტერი.

დანარჩენმა მოთამაშეებმა განათხოვრების, ან სხვა გუნდში გაყიდვის შემდეგ მოირგეს მოსისხლე მტრის მაისური.

გარემო, რომელიც მუდამ ზღაპრულია

ამ დონის შეხვედრებში და განსაკუთრებით ესპანეთში, ტრიბუნებზე ხშირად იყენებენ მოზაიკას, რომელიც საოცარ გარემოს ქმნის.

"კამპ ნოუზე" გამონაკლისი არც წლევანდელი კლასიკო იქნება.

We color football - "ჩვენ ვაფერადებთ ფეხბურთს" - გულშემატკივრებს 90 ათასი ბარათი დაურიგდებათ და ტრიბუნებზე სწორედ ამ წარწერას ვიხილავთ.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები