ქართველი ფეხბურთელი ანტიჰომოფობიურ აქციაში
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი ანტიჰომოფობიურ აქციაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ავსტრიული ''კაპფენბერგის'' 21 წლის ფეხბურთელი ლევან ელოშვილი თანაკლუბელებთან ერთად ანტიჰომოფობიურ აქციაში მონაწილეობს.

კლუბის ოფიციალური საიტი აღნიშნავს, რომ ფეხბურთი ყველას თამაშია. მიუხედავად კანის ფერის, სქესის, რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციისა საფეხბურთო მინდორზე ყველა თანასწორია.

''მე ვარ ლევან ელოშვილი ''კაპფენბერგიდან'' ჰომოფობიის წინააღმდეგ'' - ამბობს ელოშვილი კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო კომენტარში.

''კაპფენბერგის'' ოფიციალური ვებგვერდი აღნიშნავს, რომ საფეხბურთო კულტურა რასიზმისგან, ჰომოფობიისგან და სექსიზმისგან თავისუფალია. ფეხბურთში დისკრიმინაციის ადგილი არაა. 

ლევან ელოშვილი, რომელიც 14 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს, 2017 წლიდან ''კაპფენბერგის'' შემადგენლობაში ასპარეზობს. შემტევი სტილის ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მისი დებიუტი 21 წლამდე გუნდში მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პოლონეთთან შედგა.

მიმდინარე სეზონში ელოშვილმა ავსტრიული გუნდის მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო (ავსტრიის ჩემპიონატი - 10 თამაში, 2 გოლი. ავსტრიის თასი - 2 თამაში, 2 გოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები