ქართველები ევროპა ლიგაზე - ოქრიაშვილი და ანანიძე მოედანს მიღმა
Aa
Aa

ქართველები ევროპა ლიგაზე - ოქრიაშვილი და ანანიძე მოედანს მიღმა

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. შესაძლოა მატჩებში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღონ, თუმცა მათი უმეტესობა ტრავმირებულია.

E ჯგუფში უკრაინული ''ვორსკლა'' აზერბაიჯანულ ''ყარაბაღს'' შეხვდება. უკრაინულ გუნდს ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე დააკლდება. გამოცდილი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მოედანს 2019 წლის იანვარში დაუბრუნდება. რაც შეეხება, 22 წლის მცველ ანდრო გიორგაძეს, ის ''ვორსკლასთან'' ერთად ბაქოში გაემგზავრა და შესაძლოა თამაშში მონაწილეობა მიიღოს.

უკრაინის პრემიერლიგის გასულ ტურში ''ვორსკლა'' შინ კიევის ''დინამოსთან'' 0:1 დამარცხდა. ანდრო 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

D ჯგუფში ტრნავის ''სპარტაკი'' საკუთარ მოედანზე, ''სიტი არენა ტრნავაზე'' ზაგრების ''დინამოს'' შეხვდება. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დიდი ალბათობით ვახტანგ ჭანტურიშვილი მოხვდება, ხოლო მისი თანაგუნდელი დავით სხირტლაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდება. შესაძლოა, სხირტლაძის დებიუტი ევროპა ლიგაზე ხორვატიის ჩემპიონთან შედგეს.

ოთხ გუნდს შორის ''დინამო'' 6 ქულით პირველ ადგილზეა, ''ფენერბახჩესა'' და ტრნავის ''სპარტაკის'' ანგარიშზე 3-3 ქულაა, ხოლო ბრიუსელის ''ანდერლეხტი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

ჭანტურიშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ტრნავის ''სპარტაკმა'' საკუთარ მოედანზე ''სენიცა'' 4:1 გაანადგურა. მატჩის საბოლოო ანგარიში ჭანტურიშვილმა დააფიქსირა.

F ჯგუფის მესამე ტურში ლუქსემბურგის ''დუდელანჟი'' ''ჟოზი ბარტელზე'' პირეოსის ''ოლიმპიაკოსს'' უმასპინძლებს. ''დუდელანჟის'' სასტარტო თერთმეტეულში ლევან ყენია ვერ მოხვდა. 28 წლის ქართველი ნახევარმცველი თადარიგში იქნება. ყენიამ ევროპა ლიგაზე პირველი მატჩი მეორე ტურში ''ბეტისთან'' ჩაატარა, ლუქსემბურგის ჩემპიონატის გასულ ტურში კი არ უთამაშია.

''დუდელანჟის'' მატჩისწინა ვარჯიში

G ჯგუფის მესამე ტურში გლაზგოს ''რეინჯერსი'' ''აიბროქსზე'' მოსკოვის ''სპარტაკს'' უმასპინძლებს. რუსულ კლუბს ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშისთვის მზად არაა. 

2 ტურის შემდეგ ''რეინჯერსი'' 4 ქულით პირველ ადგილზეა, ვენის ''რაპიდის'' ანგარიშზე 3 ქულაა. ''ვილიარეალი'' 2 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ''სპარტაკმა'' კი მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში ''სპარტაკი'' შინ ტულის ''არსენალთან'' 2:3 დამარცხდა. ანანიძე სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარეკამ პოსტი დატოვა. ''სპარტაკის'' მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს დროებით რაულ რიანჩო ასრულებს.

J ჯგუფის მესამე ტურში ლიეჟის ''სტანდარდი'' ''მორის დუფრანზე'' რუსულ ''კრასნოდარს'' შეხვდება, რომელსაც თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო, როცა ვაისის გუნდი ანდორასთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადებოდა.

მეორე ტურში ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლით ''კრასნოდარმა'' ''სევილია'' დაამარცხა.

''კრასნოდარი'' 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ''სევილიასა'' და ლიეჟის ''სტანდარდის'' ანგარიშზე 3-3 ქულაა, ხოლო ბოლო ადგილს 0 ქულით თურქული ''აკჰისარი'' იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები