ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც „იუნაიტედმა“ „ტურინის იუვენტუსს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა გამორჩეული სხვა რამითაც აღმოჩნდა. “ბიანკონერის“ მაისურით კრიშტიანუ რონალდუ „ოცნებების თეატრზე“ პირველად ჩავიდა.

„ბებერმა ქალბატონმა“ დიბალას გოლით იმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა. მიუხედავად წაგებისა „იუნაიტედის“ გულშემატკივრები მაინც იმედიანად არიან, რადგან „ვალენსიამ“ სტუმრად „იანგ ბოიზთან“ ქულები დაკარგა.

მიჩი ბაჩუაი კონორ მაკგრეგორის სტილში

„იანგ ბოიზთან“ მატჩში ანგარიში „ვალენსიამ“ გახსნა. გოლის ავტორი ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი, მიჩი ბაჩუაი, გახდა. 25 წლის შემტევმა მეტოქის კარი 26-ე წუთზე აიღო და შეგდებული ბურთი მაკგრეგორი/მაკმაჰონის სტილში აღნიშნა.

პოლ პოგბა და კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. ბევრს შესაძლოა გამორჩა, მაგრამ ყოფილ კლუბს პოლ პოგბაც დაუპირისპირდა. მსოფლიო ჩემპიონმა არც თუ ისე კარგად იასპარეზა და მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა...

კარიმ ბენზემამ რუუდ ვან ნისტელროის გადაასწრო

კარიმ ბენზემას „პლზენის“ კარის ასაღებად დიდი დრო არ დასჭირვებია. ფრანგმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა.

ჩეხების წინააღმდეგ შეგდებული ბურთი ბენზემასთვის ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში გატანილი 57-ე გოლი აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას, რუუდ ვან ნისტელროის, გადაასწრო და აღნიშნული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

„ოლდ ტრაფორდის“ მინდორი ქომაგებმა დაიპყრეს

გუშინდელ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით აღფრთოვანებულმა გულშემატკივრებმა მინდორზე შეღწევა სცადეს. ორმა მათგანმა მიზანს მიაღწია.

პირველი მოედანზე მატჩის დასაწყისშივე შევარდა. სტიუარდებმა იგი დროულად შეაჩერეს, თუმცა კრიშტიანუს ხელი მაინც ჩამოართვა. რაც შეეხება მეორე ქომაგს, იგი შეხვედრის დასრულების შემდეგ შევიდა და რონალდუმ მასთან ერთად „სელფიც“ გადაიღო.

მოურინიო ჩვეულ სტიქიაშია

შაბათს, „ჩელსის“ გულშემატკივრებისგან წამოსულ უარყოფით კომენტარებს ჟოზემ აწეული სამი თითით „უპასუხა“. ამ ჟესტით მან „არისტოკრატების“ ქომაგებს „ლურჯებთან“ ერთად სამჯერ მოგებული პრემიერ ლიგა გაახსენა.

„იუვენტუსთან“ მატჩში ზუსტად იგივე მოხდა. მოურინიომ ამჯერად „ბიანკონერის“ გულშემატკივრების შეძახილებს უპასუხა და მათ „ინტერთან“ ერთად მოგებული ტრებლი გაახსენა.

„ბენფიკას“ ქომაგების ღირსეული ჟესტი

აბდელჰაკ ნურის სევდიანი ისტორიის შესახებ ყველამ იცის. „ბენფიკას“ გულშემატკივრებმა „აიაქსთან“ მატჩში ნურის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ფეხბურთზე მაღლა დგას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები