Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

დეტროიტი - ფილადელფია 133 - 132

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გულშემატკივრებმა 3 შეხვედრა იხილეს. სატურნირო დღე დეტროიტში გაიხსნა, სადაც ზაზა ფაჩულიას „პისტონსი“ „ფილადელფიას“ დაუხვდა და მეტოქე 133-132 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. მატჩის გმირად „დეტროიტის“ მძიმე ფორვარდი, ბლეიკ გრიფინი, იქცა, რომელმაც საფინალო სირენამდე წამებით ადრე ორს პლუს ერთი ჩააგდო.

ყველაფერთან ერთად ბლეიკმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 50 ქულა! შესძინა. რეჯი ჯექსონმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა იშ სმიტმა კი მატჩი 21 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

„ფილადელფიას“ მხრიდან 33 ქულით, 11 მოხსნით და 7 გადაცემით ჯოელ ემბიიდი გამოირჩა. ჯეი ჯეი რედიკმა გუნდს 30 ქულა მოუტანა, ხოლო რობერტ კოვინგტონმა მატჩი 16 ქულით დაასრულა.

ნიუ ორლეანი - კლიპერსი 116 - 109

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი ნიუ ორლეანში შედგა. ადგილობრივმა „პელიკანსმა“ „კლიპერსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნიუ ორლეანს“ ტრადიციულად ენტონი დევისმა ულიდერა. „პელიკანსის“ ცენტრმა ორმაგი დუბლი მიითვალა და აქტივში 34 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. „ნიუ ორლეანის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი ჯულიუს რენდელმა დაიდო, რომელმაც სათადარიგო სკამიდან გუნდს 18 ქულა შესძინა. ენტონი დევისის მსგავსად ორმაგი დუბლი ნიკოლა მიროტიჩმაც გაიფორმა - 18 ქულა, 12 მოხსნა.

„კლიპერსის“ რიგებში 26 ქულით ტობაიას ჰერისი გამოირჩა. დანილო გალინარიმ აქტივში 24 ქულა მიითვალა, ხოლო ლუ უილიამსმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.

დენვერი - საკრამენტო 126 – 112

„დენვერმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. „ნაგეთსმა“ საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის აშკარა აუთსაიდერი, „საკრამენტო“ მიიღო და ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა.

კოლორადოელებმა გამარჯვება გუნდური თამაშის ხარჯზე მოიპოვეს და 10 ქულიან ნიშნულს „დენვერის“ 8 კალათბურთელი გადაცდა. „ნაგეთსის“ მხრიდან საუკეთესო ჯამალ მარი გახდა. კანადელმა მსროლელმა მცველმა 19 ქულა მიითვალა. გერი ჰერისმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა, ხოლო პოლ მილსეპმა მატჩი 15 ქულით დაასრულა.

„საკრამენტოს“ რიგებში მარვინ ბეგლი გამოირჩა და გუნდს 20 ქულა შესძინა. ჯასტინ ჯექსონმა გუნდს 17 ქულა შესძინა, ხოლო იმან შამპერტმა 12 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები