რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ: ებრალიძის გოლი, არაბიძის დრიბლინგი, კვეკვესკირის სიმბოლური
Aa
Aa

რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ: ებრალიძის გოლი, არაბიძის დრიბლინგი, კვეკვესკირის სიმბოლური

პორტუგალიის საფეხბურთო თასის 1/32 ფინალურ ეტაპზე ''შავეშიმ'' სტუმრად 4:1 დაამარცხა ''პედრაშ სალგადაში.'' გამარჯვებულთა ქართველი ფეხბურთელის, ავთო ებრალიძის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. ამ ეტაპზე უცნობია ებრალიძის გუნდის მეტოქე შემდეგ ეტაპზე.

 

პორტუგალიის თასის გათამაშებას გიორგი არაბიძის ''ნასიონალი'' დაემშვიდობა. ''ლუზიტანოსა'' და ''ნასიონალის'' შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში ''ლუზიტანომ'' 2:1 გაიმარჯვა. ''ნასიონალის'' მაისურით გიორგი არაბიძემ სასტარტოში ითამაშა და შეტევაში აქტიური იყო. პირველ ტაიმში არაბიძემ შესანიშნავი დრიბლინგი შემოგვთავაზა, მისი დარტყმის შემდეგ კი მეკარემ ბურთი მოიგერია.

 

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის შეხვედრა ვენის ''აუსტრიასა'' და გრაცის ''შტურმს'' შორის ვენაში, ''ჯენერალ არენაზე'' გაიმართა. ანგარიში მე-8 წუთზე ''შტურმმა'' გახსნა, საგოლე კომბინაცია სტუმართა ქართველმა შემტევმა ოთარ კიტეიშვილმა მოედნის ცენტრიდან განავითარა.

 

კიტეიშვილს გოლის გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარისკენ არაზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში 22 წლის მოთამაშის თავური დარტყმა ''აუსტრიას'' მეკარემ ეფექტური სეივით მოიგერია.

 

გრაცის ''შტურმმა'' უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო. 12-გუნდიან ბუნდესლიგაში 14 ქულით მე-6 ადგილზეა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდება. ყაზახური ''ტობოლის'' 32 წლის ფეხბურთელმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, სავარჯიშო პროცესს ერთ კვირაში განაახლებს.

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიასთან მიღებული ტრავმის გამო კანკავამ ანდრეი არშავინის ''ქაირათთან'' შეხვედრა გამოტოვა. ''ქაირათის'' წინააღმდეგ კანკავას თანაგუნდელმა ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშა.

30 ტურის შემდეგ ''ტობოლი'' 47 ქულით მესამე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''აქტობეს'' 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. ''ტობოლი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონატის ლიდერ ''ასტანასთან'' 28 ოქტომბერს გამართავს.

sports.kz-ს ვერსიით ნიკა კვეკვესკირი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველთან ერთად სიმბოლური გუნდის ნახევარდაცვის ზონაშია ''ასტანას'' უნგრელი ლეგიონერი ლასლო კლაინჰაისლერი. ყაზახური გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა მეტოქის შეტევების ჩაშლაში, ასევე აქტიური იყო მეტოქის ნახევარზე.

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''გენტმა'' სტუმრად 4:0 გაანადგურა ''ოსტენდე.'' გამარჯვებულთა მაისურით 19 წლის ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე  1 გოლია.

 

ბელგიური voetbalkrant-ის ვერსიით გიორგი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში მოსკოვის ''სპარტაკი'' შინ ტულის ''არსენალთან'' 2:3 დამარცხდა . ''სპარტაკის'' სამატჩო განაცხადში ჯანო ანანიძე მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ''სპარტაკის'' წინააღმდეგ ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა. 29 წლის ფეხბურთელი ორივე გაშვებული გოლისას არადამაჯერებელი იყო და უკეთ თამაში მართებდა.

მატჩის შემდეგ ''სპარტაკის'' მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარეკამ პოსტი დატოვა. კარეკას სავარაუდო შემცვლელთა შორის ლეონარდო ჟარდიმი დასახელდა.

''მადლობა ყველაფრისთვის'' - დაწერა ანანიძემ instagram-ზე კარეკას მისამართით.

ფინეთის ვეიკაუსლიგის 32-ე ტურში ''როვანიემიმ'' სტუმრად 2:1 დაამარცხა ვპს. გამარჯვებულთა მაისურით გიორგი გოროზიამ 90 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მეორე ადგილი გაინაღდა.

23 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2014-16 წლებში ''სტაბეკის'' ღირსებას იცავდა. 2015 წელს ბობ ბრედლის მწვრთნელობისას ''სტაბეკმა'' ნორვეგიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ასე რომ გოროზიას სკანდინავიაში გამოსვლის პერიოდს შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ.

გერმანული ''უნტერჰაჰინგის'' ქართველი ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 24 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, გერმანიის ლიგა 3-ის ორი ტური ტრავმის გამო გამოტოვა. მოთამაშე მოედანს ''ჰალეშერთან'' დაუბრუნდა და 90 წუთი ითამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ჰუფნაგელმა ლიგა 3-ში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

''უნტერჰაჰინგი,'' რომელიც მეორე ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძვის, 19 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''ოსნაბრიუკს'' 4 ქულით ჩამორჩება. 

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-10 ტურში ''ლუგომ'' შინ 1:0 დაამარცხა ''ხიმნასტიკი.'' ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ''ლუგოს'' ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მას გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა კარისკენ დარტყმის ნაცვლად თანაგუნდელის მისამართით გადაცემა შეასრულა.

 22-გუნდიან ლიგაში აბურჯანიას გუნდი 12 ქულით მე-13 ადგილზეა.

 ფოტო: gff.ge, fupa.net, sksturm.at, 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები