კვერკველიას გამარჯვების გოლი რუსეთის პრემიერლიგაში
Aa
Aa

კვერკველიას გამარჯვების გოლი რუსეთის პრემიერლიგაში

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, პრემიერლიგის მე-11 ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' ''როსტოვი'' 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ მე-60 წუთზე სოლომონ კვერკველიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელის მიერ შესრულებული ''მაკრატელა'' მეკარემ მოიგერია, დასწრებაზე კვერკველიამ ყველას აჯობა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თერთმეტივე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლია.

რუსეთის პრემიერლიგის 16-გუნდიან ჩემპიონატში ''ლოკომოტივი'' 18 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''ზენიტს'' 7 ქულით ჩამორჩება. ასევე 18 ქულაა მეხუთეადგილოსან ''როსტოვის'' ანგარიშზე.

კვერკველია მატჩის დაწყებამდე

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში დონეცკის ''შახტარმა'' შინ 1:0 დაამარცხა ''დესნა.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა დაბრუნდა, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. 64-ე წუთზე ''შახტარი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, ერთადერთი გოლი კი 88-ე წუთზე მაიკონმა გაიტანა.

''დესნას'' სასტარტო თერთმეტეულში ლუკა კობერიძემ ითამაშა. მან მოედანი 72-ე წუთზე დატოვა.

12-გუნდიან პრემიერლიგაში ''შახტარი'' 31 ქულით პირველ ადგილზეა და კიევის ''დინამოს'' 5 ქულით უსწრებს. ''დესნა'' 13 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

კობერიძე ''დესნას'' 13-ნომრიან მაისურში

დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში ''ესბიერგმა'' საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი ''ჰობრო.'' გამარჯვებულთა მაისურით ლაშა პარუნაშვილმა 90 წუთი ითამაშა. 25 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა პირველი გოლის კომბინაციაში მიიღო, როცა მარცხენა ფლანგისკენ ტექნიკური გადაცემა შეასრულა.

დანიის სუპერლიგაში ''ესბიერგი'' 21 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ''მიდტიულანდს'' 4 ქულით ჩამორჩება. მეოთხეადგილოსანი ''ოლბორგი'' ''ორჰუსთან'' გამარჯვების შემთხვევაში ''ესბიერგს'' ქულებით გაუთანაბრდება. 

პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ''იაგიელონიამ'' შინ 2:1 დაამარცხა ''პოგონი,'' რომლის მაისურით ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. ქართველი მცველის გუნდმა სამმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ მოედანი უქულოდ დატოვა. 16-გუნდიან ლიგაში ''პოგონი'' 13 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში აუტსაიდერმა ''ნანსიმ'' შინ 2:1 დაამარცხა ''გრენობლი,'' რომელსაც ჯაბა ჯიღაური ვერ ეხმარება.  Crystalsport-ის ინფორმაციით ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან კლუბს მაღალი ტემპერატურით დაუბრუნდა. მას ვირუსი შეეყარა და ''ნანსისთან'' მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. ლიგა 2-ის 20-გუნდიან ჩემპიონატში ''გრენობლი'' 20 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ფოტო:  fclm.ru, shakhtar.com, superliga.dk, pogonszczecin.pl, gf38.fr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები