Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ფილადელფია - ჩიკაგო 127 – 108

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი შეხვედრა გაიმართა. ტური ფილადელფიაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „სევენთი სიქსერსმა“ „ჩიკაგოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება ჩაიწერა.

მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 37-18 მოიგეს.

„ფილას“ მხრიდან საუკეთესო 30 ქულით ჯოელ ემბიდი გახლდათ. ბენ სიმონსმა სეზონის პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა - 13 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. დარიო სარიჩმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 13 ქულა, 10 მოხსნა.

„ჩიკაგოს“ რიგებში 30 ქულით ზაკ ლევინი გამოირჩა. ბობი პორტისმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 11 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსული ჯაბარი პარკერმა გუნდს 15 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

ვაშინგტონი - მაიამი 112 – 113

„მაიამისა“ და „ვაშინგტონის“ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის უმეტესი ნაწილი ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გახდა ცნობილი.

ფლორიდელები 1 ქულას აგებდნენ, როცა დუეინ უეიდმა ბურთი კალათისკენ გაუშვა. „,ჰიტის“ ლეგენდას მიზანმა უმტყუნა, თუმცა კელი ოლინიკმა დაამატა და „მაიამის“ სტუმრად პირველი გამარჯვება მოუტანა.

ფლორიდელებს 28 ქულით ჯოშ რიჩარდსონმა ულიდერა. როდნი მაკგრუდერმა აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. დერიკ ჯონს ჯუნიორი კი გუნდს 17 ქულით შეეწია.

მასპინძლების მხრიდან საუკეთესო ჯონ უოლი გახლდათ. „უიზარდსის“ ლიდერმა 26 ქულა მიითვალა. ბრედლი ბილი 20 ქულას დასჯერდა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯეფ გრინმა 17 ქულა მოიპოვა.

პორტლენდი - ლეიკერსი 128 – 119

დღევანდელ სატურნირო დღეს, ყველაზე დიდ ინტერესს „ლეიკერსისა“ და „პორტლენდის“ დაპირისპირება იწვევდა. მატჩმა იმედები გაამართლა და ქომაგებმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილეს. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომელიც „ტრეილ ბლეიზერსმა“ 7 ქულიანი სხვაობით მოიგო.

მასპინძელთა რიგებში ტრადიციულად დემიენ ლილარდი გამოირჩა. 28 წლის გამთამაშებელმა აქტივში 28 ქულა,. 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. სი ჯეი მაკკალუმმა გუნდს 21 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ნიკ სტაუსკასმა 24 ქულა მიითვალა.

ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსის“ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. „მეფემ“ 26 ქულასთან ერთად 12 მოხსნა, 6 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან ჯოშ ჰარტმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო კაილ კუზმა 15-ით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები