გონსალო იგუაინი:
Aa
Aa

გონსალო იგუაინი: "იუვენტუსმა რონალდუს გაფორმების შემდეგ გუნდიდან გამაგდო"

„მილანის“ თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 2016 წელს, „ნაპოლიდან“ 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

აგვისტოში „იუვემ“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, გადმოიბირა, რამაც, როგორც აღმოჩნდა, იგუაინის გუნდიდან წასვლა განაპირობა.

გონსალოს „ბიანკონერის“ დატოვება არ სურდა, თუმცა კლუბმა სხვა გზა აირჩია...

“Gazzetta dello sport“-თან საუბრისას იგუაინმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ მიმართ წყენა არ დარჩენია და განაცხადა: „იუვესთან მხოლოდ დადებითი მოგონებები მაკავშირებს. კლუბის წარმომადგენლები მშვენივრად მექცეოდნენ. თანაგუნდელებისგან და გულშემატკივრებისგან კი მუდამ დადებითი ემოცია მოდიოდა“.

"იუვე საკუთარი ნებით არ დამიტოვებია! ამის შესახებ ხშირად საუბრობენ და ალბათ ასეცაა! მე კლუბიდან გამომაგდეს! საბედნიეროდ "მილანთან" საერთო ენა მალევე გამოვნახე და მათ ჩემი დარწმუნება მოახერხეს".

"ვიცოდი, რომ "იუვეში" რაღაც რიგზე ვერ იყო და შემდეგ ტურინელებმა კრიშტიანუ გადმოიბირეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მე არ მიმიღია".

„იუვენტუსისთვის, რაც შემეძლო ყველაფერი გავიღე და გუნდთან ერთად რამდენიმე ტიტული მოვიგე. კრიშტიანუს მოსვლის შემდეგ კლუბის წარმომადგენლებმა ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტეს და მითხრეს, რომ გუნდში ჩემი ადგილი არ იყო. ისინი გამოსავლის ძებნას შეუდგნენ და საუკეთესო ვარიანტი „მილანი“ გამოდგა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები