მოქმედი ჩემპიონის შესანიშნავი 6 წუთი
Aa
Aa

მოქმედი ჩემპიონის შესანიშნავი 6 წუთი

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ''ტორპედომ'' ''რამაზ შენგელიაზე'' 3:1 დაამარცხა თბილისის ''ლოკომოტივი.''

კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველი ტაიმის დასაწყისში, ექვსწუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანა. მე-4 წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა. მე-8 წუთზე ''ტორპედოს'' ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მესამე გოლი მე-10 წუთზე ქიმაძემ გაიტანა. სამივე გოლისას საგოლე გადაცემა არფანგ დაფემ შეასრულა.

 

27 წლის სენეგალელი არფანგ დაფე ქუთაისურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. დაფემ ეროვნული ლიგის 9 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება თორნიკე კაპანაძეს, მან ეროვნული ლიგის 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და აქტივში 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

თორნიკე კაპანაძე და არფანგ დაფე

77-ე წუთზე ლაშა ჭაღიაშვილის ფეხბურთელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. სტუმართა კუთხურისას მეორე სართულზე ბრძოლა გაბაძემ მოიგო, მისი გადაცემის შემდეგ კი შონიამ ანგარიში შეამცირა - 3:1.

 

კახა ჩხეტიანმა ''ტორპედოს'' სამატჩო განაცხადში 17 წლის ლუკა მიქაია შეიყვანა. ქუთაისური კლუბის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი განაცხადში პირველად მოხვდა. მიქაიამ მიმდინარე სეზონში რეგიონალური ლიგის გათამაშებაში ''ტორპედო 2''-ის მაისურში ''ეგრისთან'' შეხვედრაში პენალტი უკანასკნელ წუთზე მოიგერია.

მიქაიას მოგერიებული პენალტი უკანასკნელ წუთზე

 

''ტორპედომ'' 27 მატჩში 48 ქულა მოაგროვა. ჩხეტიანის გუნდი მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან გორის ''დილას'' 1 ქულით ჩამორჩება. იმერულ კლუბს თბილისის ''დინამოსთან'' ''დინამო არენაზე'' 22-ე ტურის გადადებული მატჩი აქვს ჩასატარებელი. შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისის ''ლოკომოტივმა'' 28 მატჩში 32 ქულა მოაგროვა. ჭაღიაშვილის გუნდი მე-6 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 11 ქულით უსწრებს.

იხილეთ სატურნირო ცხრილი

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები