არსენ ვენგერი:
Aa
Aa

არსენ ვენგერი: "გერმანიის ნაკრებს იოზილი სჭირდება"

„ლონდონის არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის, აზრით მესუთ იოზილი სანაკრებო ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს. ფრანგი სპეციალისტის თქმით ეს გადაწყვეტილება მასზე, მის ეროვნულ გუნდზე და „არსენალზე“დადებით გავლენას იქონიებს.

შეგახსენებთ, რომ მესუთი ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წავიდა და ფედერაციას ბრალი რასიზმში დასდო.

იოზილის შესახებ ვენგერმა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „ვფიქრობ გერმანიის ნაკრებს იოზილი სჭირდება. იმედი მაქვს ლიოვი მესუთის გადარწმუნებას მოახერხებს და იგი სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდება. იოზილი შესანიშნავი მოთამაშეა და მას მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ცუდად ნამდვილად არ ჩაუტარებია“.

„არ მომწონს ის ფაქტი, რომ მან ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად უმოტივაციო ხდები, როდესაც იცი რომ მუნდიალისთვის ან ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისის გავლა არ გიწევს“.

„მიყვარს, როდესაც ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება. თუ იგი სანაკრებო დონეზე არ თამაშობს რაღაცას კარგავს, ასე რომ აქ ყველაფერი ნათელია“.

არსენ ვენგერმა საკუთარი მომავლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ვფიქრობ სამწვრთნელო კარიერას 1 იანვრიდან განვაახლებ. კარგად დავისვენე და მუშაობისთვის მზად ვარ. ჩემი კანდიდატურით რამდენიმე გუნდი და ნაკრებია დაინტერესებული. შეიძლება იაპონიაში დავბრუნდე. შემოთავაზებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები