Aa
Aa

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება! საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია!

ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას რიგაში 3:0 სძლია და ნახევარიფნალის საგზური ნაადრევად გაიფორმა!

ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ ეტაპზე 100%-იანი შედეგი აქვს და D ლიგაში ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

სლოვაკმა სპეციალისტმა შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა საწყის წუთებშივე შეგვეძლო, თუმცა მე-5 წუთზე მერებაშვილის მოპოვებული პენალტი ყაზაიშვილმა ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამ მომენტისა, საქართველოს ნაკრები დომინირებას განაგრძობდა და მალე ეს ყველაფერი ტაბლოზეც აისახა.

მე-8 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ჩვეულ სტილში აუღებელი გაისროლა და ბურთი პირდაპირ ცხრიანში მოათავსა - 1:0

მეორე გოლი გაცილებით შთამბეჭდავი გამოდგა. გიორგი ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია, მეტოქის სამი მოთამაშე ერთი მოძრაობით გააბითურა და გვილიას საჯარიმოში უპასა, რომელმაც ყველაფერი დიდებულად შეასრულა და - 2:0.

პირველმა ტაიმმა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით ჩაიარა, თუმცა ერთი არასასიამოვნო მომენტი მაინც იყო. ჯაბა კანკავამ ტრავმის გამო მოედანი დატოვა და მის ნაცვლად შეხვედრაში გიორგი აბურჯანია ჩაერთო.

მეორე ნახევარში 61-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მოედნის ცენტრში ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა და მარცხენა ფლანგზე გაჭრილ ჩაკვეტაძეს აბურჯანიამ ზუსტად უპასა და მცველთან ერთი-ერთზე დატოვა. "გენტის" ლეგიონერმა მეტოქის მცველებს თავბრუ დაახვია და მეკარეს აუღებელი დაურტყა - 3:0.

ეს იყო ვლადიმირ ვაისის გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო თამაში! ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური გაინაღდა და დარჩენილი ორი შეხვედრა ფორმალობად აქცია.

აქვე გეტყვით, რომ არცერთ ლიგაში ამ წუთისთვის ნახევარფინალის საგზური გაფორმებული არავის აქვს. ასეთი მხოლოდ საქართელოს ნაკრებია.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები