უძლეველემა პოლონეთმა 10-კაციანი საქართველო დაამარცხა
Aa
Aa

უძლეველემა პოლონეთმა 10-კაციანი საქართველო დაამარცხა

ევროპის 21 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა. გია ცეცაძის გუნდი დანიასა და პოლონეთს ჩამორჩა. შესარჩევი ციკლის მე-10 ტურში პოლონეთმა შინ 3:0 დაამარცხა საქართველო.

შეხვედრა გდინიაში, ლუკა ზარანდიას კლუბის, ''არკას'' საშინაო არენაზე გაიმართა.

დანია 23 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. სკანდინავიელებს პოლონელები 1 ქულით ჩამორჩნენ. პოლონეთმა 10 მატჩიდან 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და შესარჩევი ციკლი დაუმარცხებლად განვლო. დანიის ნაკრები იტალიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო პოლონეთი ფლეი ოფში იასპარეზებს.

ჩესლავ მიხნიევიჩმა გია გეგუჩაძესთან და გია ცეცაძესთან სამწვრთნელო დუელი იდენტური ანგარიშით მოიგო

შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში პოლონეთმა გდინიაში 3:0 დაამარცხა საქართველო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ანალოგიური შედეგით დაფიქსირდა. პოლონელებმა გორში, ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' გია გეგუჩაძის გუნდს შანსი არ დაუტოვეს.

ქართველი ფეხბურთელები ჰიმნის შესრულებისას

გდინიაში 30-ე წუთზე გიორგი კუციამ წითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებმა მატჩის დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა.

ფინეთის ნაკრებთან გამარჯვების გოლის ავტორი ირაკლი ბუღრიძე პოლონეთთან სასტარტოში მოხვდა, თუმცა კუციას გაძევების გამო ცეცაძემ იძულებითი ცვლილება განახორციელა. 41-ე წუთზე ბუღრიძე ნინუამ შეცვალა. ნინუამ ფინეთთან მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

ბუღრიძე ახალგაზრდულ ნაკრებში სასტარტო თერთმეტეულში პირველად მოხვდა

პოლონელებმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნეს, ფილიპ იაგიელოს დარტყმის შემდეგ ბურთი ანდრია გიორგაძეს მოხვდა. დარტყმის მიმართულების შეცვლის შემდეგ გუგეშაშვილმა მოგერიება ვერ მოახერხა. პოლონურმა სპორტულმა მედიამ გოლის ავტორად იაგიელო მიიჩნია, თუმცა უეფას ოფიციალური ვებგვერდი შეცდა და ბექა მიქელთაძის ავტოგოლი დააფიქსირა.

ვარშავის ''ლეგიას'' ნახევარმცველი სებასტიან შიმანსკი და უკრაინული ''ვორსკლას'' ცენტრალური მცველი ანდრო გიორგაძე

74-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა კონრად მიჰალაკმა მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და გარე ტერფით, ''მოჭრილი დარტყმით'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

კონრად მიჰალაკმა მოედანზე გამოსვლიდან ხუთ წუთში ანგარიში ორამდე გაზარდა

მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ''სამპდორიას'' ფორვარდმა დავიდ კოვნაცკიმ დააფიქსირა.

ფოტო: eurosport.interia.pl, galeria.trojmiasto.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები