ჯან პიერო ვენტურა
Aa
Aa

ჯან პიერო ვენტურა "კიევოს" ჩაიბარებს?

იტალიის სერია A-ს ღრმა აუტსაიდერის, ვერონას "კიევოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლორენცო დ'ანა გუშინ გაათავისუფლეს. პრესაში მისი შესაძლო შემცვლელების შესახებ აქტიურად იწერება, თუმცა ერთი კანდიდატი უკვე გამოკვეთილია.

Sky Sport Italia-ს ცნობით, "მფრინავი ვირების" ხელმძღვანელობა ჯან პიერო ვენტურას დაუკავშირდა, რომელიც ბოლოს იტალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი გახლდათ. როგორც გამოცემა წერს, მხარეებმა 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოაცხადებენ.

გამოცდილმა სპეციალისტმა "სკუადრა აძურა" ევრო 2016-ის შემდეგ ჩაიბარა და თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში წაგებისთანავე დატოვა.

70 წლის ვენტურას სხვადასხვა დროს "ნაპოლიში", "სამპდორიაში", "ლეჩეში", "კალიარიში", "უდინეზეში", "ვერონაში", "ბარისა" და "ტორინოში" უმუშავია, მნიშვნელოვანი წარმატებისთვის კი არასდროს მიუღწევია და ტიტულატურა ცარიელი აქვს. ვენტურასთვის საუკეთესო შედეგი "ტორინოს" ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გაყვანაა, რაც 2014-2015 წლების სეზონში მოხდა.

რაც შეეხება "კიევოს", კლუბში მძიმე მდგომარეობაა. ვერონელებს ფეხბურთის ფედერაციამ სერია A-ში 3 ქულა ჩამოაკლო და "ჯალობლუ" ახლაც მინუსებშია, ხოლო მის პრეზიდენტ ლუკა ჩამპედელის საფეხბურთო საქმიანობა 3 თვით აკრძალული აქვს.

არსებული ინფორმაციით, ვენტურა "კიევოსთან" ხელშეკრულებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, ზაფხულში კი მხარეებს მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები