იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მერვე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მერვე ტური

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მერვე ტურმა აიღო სტარტი. ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" შედგა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობის ორი ფავორიტი დაუპირისპირდა. "ლივერპული" - "სიტის" შეხვედრამ იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა და ქომაგებმა გატანილი გოლიც ვერ იხილეს. 

საოცარ სვლას განაგრძობს "არსენალი". "მეთოფეებმა" ამჯერად "ფულემს" გადაუარეს და მეტოქე სტუმრად 5-1 დაამარცხეს.

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

„ვულვზმა“ პრემიერ ლიგის საწყის 8 შეხვედრაში ერთი და იგივე შემადგენლობა გამოიყვანა.

„ჩელსი“ „ლივერპული“ და „სიტი“ ჯერჯერობით მარცხის გარეშე არიან. პრემიერ ლიგის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საწყისი 8 ტურის განმავლობაში სამ გუნდს არცერთი წაგება არ აქვს.

პრემიერ ლიგაში იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მინიმუმ 10 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს რიად მაჰრეზიზე ცუდი პროცენტი მხოლოდ პაბლო ანხელს აქვს. ალჟირელმა 12-დან 7 შეაგდო, კოლუმბიელის ანგარიშზე კი 10-დან 5 გატანილი პენალტია.

აარონ რემზიმ და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალის“ მაისურით გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალეს. ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ცვლილებაზე შემოსულმა ორმა მოთამაშემ მეტოქე გუნდის კარის აღება და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

„ლივერპულისა“ და „სიტის“ მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა კარისკენ მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს.

ედენ აზარმა „ჩელსის“ მაისურით ბოლო 11 შეხვედრაში მონაწილეობა 11 გოლში მიიღო. 9 გოლი 2 შედეგიანი გადაცემა.

„ლივერპულს“ „ენფილდზე“ „სიტისთან“ 2003 წლის შემდეგ არ წაუგია. „მერსისაიდელებმა“ 17 მატჩიდან 12 მოიგეს და 5-ში ფრეს დასჯერდნენ.

„ლონდონის ჩელსის“ მესამე გოლი ნამდვილი შედევრი გამოდგა. „არისტოკრატებმა“ 31! გადაცემა შეასრულეს და იერიში ალვარო მორატამ დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევის წარმოებისას 31 პასი წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგის არცერთ გუნდს არ შეუსრულებია.

წლევანდელ სეზონში „ფულემი“ პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი ყველა შეხვედრაში აქვს გაშვებული.

ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში პოგბამ მონაწილეობა 29 გოლში მიიღო. 13 გოლი, 16 შედეგიანი გადაცემა.

„ნიუკასლმა“ წლევანდელ სეზონში პირველად მოახერხა წინ გასვლა.

„ბორნმუთს“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობისას სტუმრად 4 ბურთიანი სხვაობით არასდროს მოუგია. „ალუბლებმა“ ეს ტრადიცია გასულ ტურში, „უოტფორდის“ წინააღმდეგ დაარღვიეს.

ჟოზე მოურინიომ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული ყველა საშინაო მატჩი მოიგო. ბურთების სხვაობა კი ასეთია - 21-3-ზე.

ფრენკ ლამპარდის შემდეგ როს ბარკლი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„არსენალის“ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული ლონდონური დერბის 51.3 პროცენტი აქვს მოგებული. ეს საუკეთესო მაჩვენებელია, ყველაზე ცუდი კი „ფულემს“ ეკუთვნის - 20.8.

2011 წელს, ხუან მატას დებიუტის შემდეგ, ესპანელზე მეტი ჯარიმა პრემიერ ლიგის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი.

ლუსიანო ვიეტომ პრემიერ ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„მანჩესტერმა“ „ოლდ ტრაფორდზე“პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩების პირველ 10 წუთში 2 გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.

გილფი სიგურდსონმა პრემიერ ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.

ახლადდაწინაურებულ გუნდებთან „ტოტენჰემი“ შინ ბოლო 38 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები