დელ პოტროსა და ბასილაშვილის ფინალის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

დელ პოტროსა და ბასილაშვილის ფინალის შემდგომი კომენტარები

პეკინის 500-ან ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მეორე ტურნირი მოიგო!

შეხვედრის შემდეგ ჩოგბურთელებმა ფინალი შეაფასეს და ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს.

ხუან მანუელ დელ პოტრო: "ყველაფერი გავაკეთე, რომ ფინალში საუკეთესო თამაში მეჩვენებინა, თუმცა 100%-ით ფორმაში შესასვლელად დრო საკმარისად არ მეყო.

როგორც ნახეთ, ჩემი თამაში ისეთი კარგი არ იყო როგორც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტურნირებზე.

ბოლო სამი დღის განმავლობაში პრობლემები მქონდა, რამაც ჩემს თამაშზე გავლენა იქონია.

იმ აგრესიითა და ცეცხლით თამაში ვერ მოვახერხე როგორც მჩვევია ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში ბასილაშვილის თამაში დაუჯერებლი იყო, უბრალოდ ბრწყინვალე. მან ეს მოგება დაიმსახურა".

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ამ ტურნირს ნამდვილად კარგ ფორმაში შევხვდი. კორტზე თავს მართლა ჩინებულად ვგრძნობ.

ხუანის წინააღმდეგ თამაშს რაც შეეხება, ვხედავდი რომ ის გაციებული იყო და თავს კარგად ვერ გრძნობდა, თუმცა მან მაინც მოახერხა და რთულ სიტუაციებში ჩამაგდო.

დღევანდელი მატჩით დიდი სიამოვნება მივიღე. ბეიჯინგის ტურნირის მოგება ბევრს ნიშნავს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია.

2018 წელი ნამდვილად კარგად ჩავატარე. კარგად ვთამაშობ. მინდა ჩემს მწვრთნელ იანს დიდი მადლობა გადავუხადო და პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. მასთან ერთად მუშაობა დიდ განსხვავებას მაძლევს.

თამაში კარგად დავიწყე, გეგმა იდეალურად შევასრულე. მეორე სეტში კი დელ პოტრო ჯანმრთელობის გამო თავს კარგად ვერ გრძნობდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში ის ნამდვილად კარგი იყო.

თამაშში დარჩენა კარგად გამომდიოდა. მოვახერხე და 7 ბრეიკ პოინტი გადავარჩინე. დღეს მნიშვნელოვან მომენტებს თავი კარგად გავართვი და ვფიქრობ სწორედ ეს იყო გადამწყვეტი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები