პორტუგალია რონალდუს გარეშე - სანტუშმა სუპერვარსკვლავი არ გამოიძახა
Aa
Aa

პორტუგალია რონალდუს გარეშე - სანტუშმა სუპერვარსკვლავი არ გამოიძახა

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს სანაკრებო მატჩებში კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმარება. მიზეზი აშშ-ში რონალდუსთან დაკავშირებით განახლებული გამოძიებაა.

მიმდინარე თვეში პორტუგალია ერთა ლიგის მატჩში სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება. პორტუგალიელები პოლონეთიდან შოტლანდიაში გაემგზავრებიან და გლაზგოში, ამხანაგურ მატჩში ალექს მაკლიშის გუნდს შეხვდებიან. პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა რონალდუ ეროვნული ნაკრების განაცხადში არ შეიყვანა. ამ თემაზე რონალდუ სანტუშს ესაუბრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამერიკელი კეტრინ მაიორგა სასამართლოში სუპერვასკვლავს უჩივის და მას ბრალს გაუპატიურებაში სდებს. მიმდინარე კვირაში ლას ვეგასის პოლიციამ 2009 წელს მომხდარი ფაქტის გამოძიება განაახლა. მაიორგას თქმით მადრიდის ''რეალისა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში მასზე იძალადა.

მაიორგამ აღნიშნულ თემაზე გერმანულ Spiegel-თან ისაუბრა. რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილისთვის 370 000 დოლარი გადაუხადა.

რონალდუმ ბრალდება უარყო და ძალადობა დაგმო. მან twitter-ზე დაწერა: „მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ ბრალდებებს, რომელიც ჩემს მიმართ არის. ძალადობა ეს არის საზიზღარი დანაშაული, რომელიც ყველაფერს ეწინააღმდეგება რისიც მე მწამს.

მე, ჩემი სახელის აღდგენას ვცდილობ და ვუარვყოფ პრესის მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელზეც ხალხი საუბრობს“.

ფერნანდუ სანტუშმა რონალდუს შესახებ ისაუბრა. Abola პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელის კომენტარს ავრცელებს: ''ჩემს თითოეულ ფეხბურთელს ყოველთვის მხარდაჭერას ვუცხადებ. მე ვიცნობ რონალდუს და მისი მჯერა. მისი სიტყვები სიმართლეს შეესაბამება.''

შეგახსენებთ, გასულ თვეში რონალდუმ სანაკრებო მატჩები გამოტოვა. მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელს ახალ გუნდში ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა და ამიტომ ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა.

რონალდუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლია. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ფეხბურთელმა ''ვალენსიასთან'' შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და მეორე ტურში ''იანგ ბოიზთან'' არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები