ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი „უემბლიზე“ შედგა, სადაც „ტოტენჰემმა“ „ბარსას“ უმასპინძლა და 2 – 4 დამარცხდა. კატალონიელთა რიგებში ლეო მესის გაიბრწყინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

საინტერესო შედეგი დაფიქსირდა ნეაპოლში, სადაც „ნაპოლიმ“ ინსინიეს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით „ლივერპულს“ სძლია.

ენტონი ჯოშუა, „უემბლის“ გაზონი და ჩემპიონთა ლიგა

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „უემბლის“ მომსახურე პერსონალი „ბარსელონა“ – „ტოტენჰემის“ მატჩს მოუმზადებელი შეხვდა. რამდენიმე დღის წინ ამ სტადიონზე ენტონი ჯოშუას და ალექსანდრ პოვეტკინის დაპირისპირება გაიმართა, რომელსაც 80000 გულშემატკივარი დაესწრო. როგორც ჩანს ინგლისელებს ბალახის საფარის იდეალურ მდგომარეობაში მოსაყვანად დრო არ ეყოთ... "უემბლის" გაზონი საშინლად გამოიყურებოდა და ამ ფაქტს ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნეიმარი წინ მიიწევს

გუშინდელი დღე ნეიმარის ბენეფისად იქცა. ბრაზილიელმა შესანიშნავად იასპარეზა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და გულშემატკივრებს თავი ორი საოცარი ჯარიმით დაამახსოვრა.

ყველაფერთან ერთად „პსჟ“-ს შემტევი ისტორიაში შევიდა. ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ბრაზილიელ საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე მყოფ კაკას გაუთანაბრდა. მათ ანგარიშზე 30-30 გოლია.

რაკიტიჩმა ესპანელი კომენტატორები შოკში ჩააგდო

„ტოტენჰემთან“ მატჩში ივან რაკიტიჩმა ტურის ალბათ საუკეთესო გოლი გაიტანა. ხორვატმა ნახევარმცველმა კოუტინიოს გადაცემით ისარგებლა და ლონდონელების კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო.

„უემბლიზე“ მყოფმა ერთ-ერთმა ქომაგმა ესპანელი კომენტატორების რეაქციის დაფიქსირება მოახერხა. ისინი რაკიტიჩის გოლს მთელი აღმაფრენით ზეიმობდნენ.

მესი და ინგლისი

მესის ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ არგენტინელ ვარსკლავს პრემიერ ლიგაში რომ ეთამაშა იგივე წარმატებას ვერ მიაღწევდა.. რამდენადაა ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ლეოს ინგლისური კლუბების წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ უჭირს.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ინგლისურ გუნდებთან გამართულ მატჩებში მესის 22 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული. ამ მაჩვენებელზე უკეთესი შედეგი ლეოს არცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან არ გააჩნია.

საიუბილეო გოლი

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაიწერა და ტურნირზე მე-8000 გოლი გავიდა. გარკვეული დროის მანძილზე მისი ავტორის ვინაობა უცნობი იყო. ლამელამ და გრიზმანმა ბურთები თითქმის ერთდროულად შეაგდეს, რამაც ინტერნეტსივრცეში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. 

ზოგიერთი გამოცემები თვლიდნენ, რომ საიუბილეო გოლი ლამელას ანგარიშზე იყო, თუმცა ყველაფერს პასუხი ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გასცა და მე-8000 გოლის ავტორად „ატლეტიკოს“ ფრანგი შემტევი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები