ახალი, მაგრამ ნაცადი ტაქტიკა
Aa
Aa

ახალი, მაგრამ ნაცადი ტაქტიკა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ - ვალვერდე შემადგენლობას ცვლის

დღეს „ბარსელონა“ „უემბლიზე“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. მატჩი დიდ ინტერესს იწვევს და კატალონიელთათვის საკმაოდ ბევრ რამესაც გადაწყვეტს.

წაგების შემთხვევაში ერნესტო ვალვერდე „ბარსას“ დატოვებასთან ძალიან ახლოს იქნება.

„ბლაუგრანამ“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. „ჟირონასთან“, „ლეგანესთან“ და „ბილბაოსთან“ საშინელი თამაშის შემდეგ კლუბი ვალვერდეს უახლოეს ორ შეხვედრაში დააკვირდება, რომელსაც გუნდი ლონდონში და ვალენსიაში ჩაატარებს.

თუ ვალვერდემ სიტუაცია ვერ გამოასწორა მას კარისკენ მიუთითებენ. „ბარსელონას“ დეკემბრამდე საშინლად რთული კალენდარი აქვს და ასე თამაშის შემთხვევაში შესაძლოა შედეგები კატასტროფული იყოს.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის ვალვერდე შემადგენლობასა და ტაქტიკას შეცვლის და წარმატების შემთხვევაში არ არის გამორიცხული მთელი სეზონი ასევე ითამაშოს.

საუბარია 4-4-2-ზე რომელიც ბასკმა სპეციალისტმა გასულ სეზონში აირჩია და უნდა ითქვას ტაქტიკამ იმუშავა. რომ არა „რომასთან“ სენსაციური მარცხი ვალვერდეს გუნდისთვის გასული სეზონი შესაძლოა ისტორიულიც გამომდგარიყო.

წლევანდელი სეზონის სტარტიდანაც ჩანს, რომ გუნდს 4-3-3-ზე გადაწყობა გაუჭირდა. შესაძლოა „ბარსასთვის“ ეს ტაქტიკა ნაცნობი და კომფორტულია, მაგრამ იგივეს ვალვერდეზე ვერ ვიტყვით.

შემტევი და დომინანტი ფეხბურთი ვალვერდესთვის უცნობია და ის ასეთი სქემის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

გუნდი თავს შესაბამის დონეზე ვერ იცავს. ბუსკეტსი, რაკიტიჩი, კოუტინიოს ნახევარდაცვას პრესინგის თამაში უჭირს და ბევრი კონტრშეტევა ეპარება.

ივარაუდება, რომ დღეს ვალვერდე უსმან დემბელეს თადარიგში დატოვებს და მის ნაცვლად არტურო ვიდალს გამოიყენებს.

ჩილელი ნახევარდაცვას უფრო მჭიდროს და აგრესიულს გახდის, კოუტინიო კი მესისა და სუარესის გვერდით შემტევ ტრიოს შეკრავს.

„ტოტენჰემი“ სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ბოლოდროინდელ „ბარსას“ მათი შეჩერება ძალიან გაუჭირდება. სწორედ აქედან გამომდინარე ელოდებიან, რომ ვალვერდე შემადგენლობასა და ტაქტიკას შეცვლის.

ვიდალმა უნდა შეძლოს ის რასაც გასულ სეზონში პაულინიო აკეთებდა. პრესინგი, დაცვაში აგრესიული თამაში და შეტევაში აქტიურობა.

არ არის გამორიცხული, რომ ვალვერდემ ვიდალს ბრაზილიელი არტური ამჯობინოს, რომელიც უფრო ტექნიკური და ბურთის დამჭერი ნახევარმცველია. ყველაფერი ბასკ სპეციალისტზე იქნება დამოკიდებული. რომელ მათგანს აირჩევს ის კონკრეტულ შეხვედრაში.

უკვე გამოჩნდა, რომ ვალვერდე „ბარსას“ თავის ისტორიულ ლამაზ და დომინანტ 4-3-3-ს ვერ ათამაშებს და ლოგიკურიც არის, რომ პრესა მის დათხოვნას აანონსებს.

დიახ, შესაძლოა ეს სეზონი „ბარსამ“ ტრიუმფით დაასრულოს, თუმცა მიუხედავად ამისა ვალვერდეს ბარსელონურ კარიერას მომავალი მაინც არ აქვს.

„კამპ ნოუზე“ არასდროს კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ შედეგით, პუბლიკა სანახაობას ითხოვს, რომელსაც ვალვერდე ვერ აჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები