''საბურთალოს'' გამარჯვება - ჭიაბრიშვილის გუნდმა ტატანაშვილის გოლით მოიგო
Aa
Aa

''საბურთალოს'' გამარჯვება - ჭიაბრიშვილის გუნდმა ტატანაშვილის გოლით მოიგო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში გათამაშების ლიდერმა ''საბურთალომ'' სტუმრად მინიმალური ანგარიშით, დიმიტრი ტატანაშვილის გოლით საჩხერის ''ჩიხურა'' დაამარცხა. თბილისურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში მე-19 გამარჯვება მოიპოვა და 59 ქულით პირველ ადგილზეა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უშუალო კონკურენტ თბილისის ''დინამოს'' 4 ქულით უსწრებს, თუმცა კახა კაჭარავას გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს გამართული.

''საბურთალომ'' თბილისის ''დინამოსთან'' და ქუთაისის ''ტორპედოსთან'' მარცხის შემდეგ წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 3 ქულა მოიპოვა.

85-ე წუთზე მირცხულავას გადაცემა ვოლკოვმა ჩაჭრა, სწრაფი კომბინაცია ტატანაშვილისა და კოხრეიძის მონაწილეობით გოლით დასრულდა. კოხრეიძის საგოლე პასის შემდეგ ტატანაშვილმა იდეალურად იმოქმედა, ერთი მცველი ჩამოიშორა და ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო.

 

90-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ''ჩიხურას'' მცველი ბაქარ მირცხულავა გააძევა

34 წლის ტატანაშვილი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი ყოფილ კლუბს გაუტანა

დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს ''საბურთალოს'' ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდა

26-ე ტურის დასკვნით მატჩში ''სამტრედიამ'' ზესტაფონის ''დავით აბაშიძეზე'' ''რუსთავთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. 31-ე წუთზე ''რუსთავის'' შემტევის, ზაზა ციცქიშვილის დარტყმისას ბურთი მცირე რიკოშეტის შემდეგ კუპატაძის კარში აღმოჩნდა.

ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს. გადრანმა გორელიშვილის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. პენალტი ოლეგ მამასახლიმა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ოლეგ მამასახლისს თანაგუნდელები გატანილ გოლს ულოცავენ

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსმასახური, ''სამტრედიას'' პრესსამსახური, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები