შენგელიას ბრწყინვალე წარმოდგენა - ''დინამოს'' ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე წარმოდგენა - ''დინამოს'' ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში თბილისის ''დინამომ'' ''მიხეილ მესხზე'' 2:1 დაამარცხა ფოთის ''კოლხეთი.''  კახა კაჭარავას გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი ლევან შენგელიამ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ვაწაძის ეფექტური საგოლე პასი

მე-17 წუთზე მათე ვაწაძის შესანიშნავი საგოლე პასის შემდეგ ლევან შენგელიამ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ''დინამოს'' მაისურით შენგელიამ მეორე გოლი შეაგდო. მან სადებიუტო გოლი უშუალო კონკურენტ ''საბურთალოსთან'' გაიტანა.

აშორტიას სადებიუტო გოლი

24-ე წუთზე თბილისის ''დინამოს'' კარში კურიოზული გოლი გავიდა. მეკარემ სიკაჩიმ და ''დინამოს'' მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს. ვითარებით ''კოლხეთის'' ფორვარდმა იმედა აშორტიამ ისარგებლა და წონასწორობა აღდგა. 22 წლის შემტევმა ''კოლხეთის'' შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შენგელიას ბრწყინვალე გოლი

54-ე წუთზე თბილისის ''დინამოს'' ფორვარდმა ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა. მან ძლიერი დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეროვნულ ლიგაში ბელგიური ''ტუბიცეს'' ყოფილი მოთამაშის ანგარიშზე 5 შეხვედრაში გატანილი 2 გოლია.

ლევან შენგელია ''დინამოს'' ლიდერად იქცა - ფოტოზე: ლევან შენგელია და ''საბურთალოს'' საყრდენი ელვინ ტერა

თბილისის დინამო - ფოთის კოლხეთი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0, 2:0 შენგელია (17, 54), 1:1 აშორტია (24)

 

მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ''ტორპედომ'' ''რამაზ შენგელიაზე'' 3:0 სძლია ბოლნისის ''სიონს.'' პირვლი გოლი გამოცდილმა გრიგოლ დოლიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა. ''სიონის'' მცველები შეცდნენ, დოლიძემ კი ვითარებით ისარგებლა.

58-ე წუთზე ლევან კუტალიამ ძლიერი დარტყმით გაუტანა ზარქუას. 29 წლის შემტევმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-9 გატანილი გოლი კონორ მაკგრეგორის სტილში აღნიშნა.

63-ე წუთზე დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კაპანაძემ საჯარიმოში დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. 26 წლის კაპანაძე შესანიშნავ ფორმაშია. მან ''ტორპედოს'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ქუთაისის ტორპედო - ბოლნისის სიონი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დოლიძე (34), 2:0 კუტალია (58), 3:0 კაპანაძე (63)

სატურნირო მდგომარეობა

ეროვნულ ლიგის ლიდერებმა ''საბურთალომ'' და თბილისის ''დინამომ'' 25-25 მატჩი ჩაატარეს. ''საბურთალო'' 56 ქულით პირველ ადგილზეა და ''დინამოს'' 1 ქულით უსწრებს. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ''ტორპედო'' 40 ქულით მე-5 ადგილზეა.

დღეს, 28 სექტემბერს 26-ე ტურში ''საბურთალო'' ''ჩიხურას'' ესტუმრება, ''სამტრედია'' კი ზესტაფონის ''დავით აბაშიძეზე'' ''რუსთავს'' უმასპინძლებს.

26-ე ტურის შესახებ ასევე იხილეთ

17 წლის დავითაშვილის გოლები და ''ლოკომოტივის'' დრამატული გამარჯვება

ფოტო/ვიდეო: erovnuliliga.ge, fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები