NBA: „გოლდენ სტეიტის“ მესამე მარცხი
Aa
Aa

NBA: „გოლდენ სტეიტის“ მესამე მარცხი

ნებისმიერ შეხვედრას, რომელსაც მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში "გოლდენ სტეიტი" წააგებს, სენსაცია შეიძლება ეწოდოს. მართლაც, სხვა სახელს ვერ მოვუგონებთ "მეომრების" გუშინდელ მარცხს სტუმრად "დენვერის" წინააღმდეგ.

პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში, ჩემპიონი საკუთარ თავს არ ჰგავდა. "მეომრები" ბოლო 12-წუთეულის წინ, 10 ქულით იყვნენ ჩამორჩენილნი და კარგა ხანი, არც მატჩის დასკვნით ნაწილში მისდიოდათ საქმე კარგად. საფინალო სირენამდე 2.46 წუთით ადრე, ჩამორჩენა ცხრა ქულა იყო.

და სწორედ ამ დროს "აფეთქდა" სტუმრების გუნდი - ექვსი შედეგიანი შეტევისთვის "გოლდენ სტეიტმა" 43 წამი (!) იკმარა. ანდრე იგუოდალას დაფარების შემდეგ კი ანგარიშის გათანაბრება და მატჩის მოგებაც შეეძლო.

მაგრამ, ჯერ სტივენ კარიმ დაკარგა ბურთი (მატჩის გმირმა დანილო გალინარიმ იმოქმედა დაცვაში ბრწყინვალედ), კლეი ტომპსონმა კი ბოლო წამზე სამქულიანი ააცილა. "გოლდენ სტეიტს" მხოლოდ ის ამართლებს, რომ მცირე ტრავმის გამო არ თამაშობდა დრეიმონდ გრინი, ხოლო დასამშვიდებლად შემდეგი სტატისტიკური ფაქტიც საკმარისი იქნება: აქამდე ყველა გუნდი, რომელსაც 39 მატჩის შემდეგ 36 მოგება და სამი წაგება ჰქონდა, იმ სეზონში ჩემპიონი ხდებოდა.

სტეფ კარის შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო. ბოლო მეოთხედში მან 20 ქულა დააგროვა. მან ეს რვა წუთსა და 23 წამში შეძლო. კარისთვის ეს იყო მეექვსე შემთხვევა სეზონში, როცა ერთ მეოთხედში მინიმუმ 20 ქულა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა ამ მატჩში ხუთი სამქულიანი გამოიყენა და კარიერაში ზუსტი შორეული ტყორცნების რიცხვი 1 362-მდე აიყვანა, რითაც დენ მარლის გაუსწრო და ყველა დროის სიაში 28-ე ადგილზე გადავიდა. მისი შემდეგი სამიზნე ანტუან უოკერია 1 386 ზუსტი სამქულიანით. მოქმედ კალათბურთელებს შორის სტივენს ჯეი არ სმიტი (1 553), მაიკ მილერი (1 577), დირკ ნოვიცკი (1 640), კობი ბრაიანტი (1 752), ჯო ჯონსონი (1 763), კაილ კორვერი (1 796), ჯამალ კროუფორდი (1 862), ვინს კარტერი (1 890), პოლ პირსი (2 088) და ჯეისონ ტერი (2 115) უსწრებენ.

კარიერაში მეორედ ვერ შეძლო მატჩში ქულის დაგროვება "ოკლაჰომას" ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა. "დალასის" წინააღმდეგ მან მხოლოდ 15 წუთი გაატარა მოედანზე, სამიდან სამი ტყორცნა ააცილა, რის შემდეგაც ჩარლი ვილანუევას ეჩხუბა და მატჩის ბოლომდე გააძევეს. "ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კი კარიერაში 10 ათასქულიანი ზღვარი გადალახა. ამისთვის მცველს 492 მატჩი დასჭირდა. საინტერესოა, რომ უახლოეს დროში, ამ კლუბში პოლ მილსეპი (9 973) და სტივენ კარი (9 815) მოხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები