მათ ურთიერთობას ვერაფერი აღადგენს - პოგბა შესაძლოა იანვარში
Aa
Aa

მათ ურთიერთობას ვერაფერი აღადგენს - პოგბა შესაძლოა იანვარში "ბარსელონაში" გადავიდეს

ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.

პრემიერლიგის გასულ ტურში „ოლდ ტრაფორდზე“ „ვულვზის“ წინააღმდეგ ნათამაშები ფრის შემდეგ პოგბამ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ასეთ შეხვედრებში უნდა შეუტიოს. ფრანგის თქმით შერჩეული ტაქტიკა და სტილი მცდარი იყო და სწორედ ამიტომ ვერ მოიგეს.

"ჩვენ ოლდ ტრაფორდეზე ვთამაშობთ და უნდა შევუტიოთ. ასე იყო გასულ სეზონში არსენალის, ტოტენჰემის, ჩელსისა და ლივერპულის წინააღმდეგ. ასეთ დროს თამაში უფრო ადვილია.

მეტოქეს პრესინგი უნდა შევთავაზოთ და მხოლოდ შეტევაზე ვიფიქროთ. ასეთ დროს მეტოქეს ჩვენი ეშინია.

გასულ შეხვედრაშიც მსგავსად უნდა გვეთამაშა, ჩვენ მცდარი ტაქტიკით ვმოქმედებდით".

მოურინიოს პასუხმაც არ დააყოვნა. როგორც Daily Mail-ი წერს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ პოგბა ამიერიდან გუნდის მეორე კაპიტანი აღარ იქნება. ფეხბურთელი რომელსაც კლუბის დატოვება სურს, ის კაპიტნის სამკლაურს არ უნდა ატარებდეს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ პოგბამ მოურინიოს „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილის შესახებ გაანდო და „განსაკუთრებულმაც“ გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

პოგბასა და მოურინიოს "ტკბილ" ურთიერთობას დღევანდელი ვარჯიშის კადრებიც იდეალურად ასახავს.

 

ესპანური Marca წერს, რომ კატალონიელები მიმდინარე მოვლენებს ინტენსიურად აკვირდებიან და შესაძლოა 2019 წლის ზაფხულის ნაცვლად "ბლაუგრანამ" პოგბა იანვარში შეიძინოს.

"ბარსელონასთვის" ასეთი რამ უცხო არ არის და ამას ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერიც ადასტურებს.

როგორც ცნობილია "ბარსამ" პოგბას თამაშებზე დასაკვირვებლად სკაუტი მიავლინა, რომელიც ფრანგის ყოველ შეხვედრას დაესწრება.

ფრანგი ნახევარმცველის აგენტი მინო რაიოლა ყველანაირად ცდილობს, რომ თავისი კლიენტი "კამპ ნოუზე" მოახვედროს.

„მანკუნიანელთა“ რიგებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რთული სათქმელია თუ რომელი დატოვებს გუნდს პირველად - მოურინიო, თუ პოგბა. არ არის გამორიცხული, რომ კლუბმა ორივე მათგანი გაუშვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები