Aa
Aa

"ბარსას" რეკორდული შემოსავალი და მოსალოდნელი მეგატრანსფერი

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში „ბარსელონას“ მოგებამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ისაუბრა.

კლუბის პრეზიდენტმა დაანონსა, რომ მალე ისინი რეკორდულ ბიუჯეტს დაამტკიცებენ.

ამ ყველაფერს დაემატა ერიკ აბიდალი, რომელმაც სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა და წლევანდელ სატრანსფერო სეზონზე გუნდს საკმაოდ საფრიანი გარიგებები მისაღებ ფასებში განუხორციელა.

„ბარსას“ ამ ზაფხულს მეგა ტრანსფერი არ გაუკეთებია, თუმცა 2019 წელს ის სულ უფრო რეალური ხდება.

სუარესის დანაპირები

ყველამ იცის პოლ პოგბასა და „ბარსას“ საგა, თუმცა ამჟამად საქმე ცენტრფორვარდთან გვაქვს.

31 წლის ლუის სუარესი თავისი ძველი ფორმისგან ძალიან შორსაა და ეს უკვე ორი სეზონია ასეა.

„ელ პისტოლერო“ აშკარად დამძიმებულია და უამრავ მომენტს ანიავებს. წლევანდელი სეზონი მისთვის გადამწყვეტი იქნება.

თუ სუარესი ძველებურად არ ათამაშდება, დიდი ალბათობით მას ტრანსფერზე დააყენებენ.

არსებული ვითარება თავად ურუგვაელსაც კარგად ესმის. ფეხბურთელმა ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ისაუბრა და შემდეგი განაცხადა.

ვინ შეცვლის „ელ პისტოლეროს“?

ევროპულ პრესაში სუარესის შემცვლელის შესახებ ბჭობა უკვე მიმდინარეობს. Sky Sports-მა ორი მთავარი კანდიდატიც გამოყო - რობერტო ფირმინო და ჰარი კეინი.

რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე რაიმეზე გადაჭრით საუბარი რთული და არასწორია, თუმცა განხილვა ნამდვილად შეგვიძლია.

2019 წლის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსას“ საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები ექნება და თუ მათი პრიორიტეტი ფორვარდის შეძენა იქნება, კატალონიელები ექსტრაკლასის არჩევანს გააკეთებენ. ისტორია ამას ადასტურებს.

როცა „ბლაუგრანას“ მაღალი დონის ფორვარდის შეძენა სჭირდებოდა ისინი ამას აკეთებდნენ კიდეც. სამუელ ეტოო, ტიერი ანრი, დავიდ ვილა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და თავად ლუის სუარესი. სია ცალსახად შთამბეჭდავია.

რას მოიმოქმედებს ამჯერად კლუბი? შესაძლოა სიას კილიან მბაპე, ან სულაც ვინმე ახალგაზრდა ტალანტი დაემატოს, ვერაფერს გამოვრიცხავთ.

რაც შეეხება ფირმინოსა და კეინის შანსებს. ბრაზილიელი ფორვარდით დავიწყოთ.

„ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი და ზოგადად ბრაზილიელების უმრავლესობა ლა ლიგაში თამაშის მომხრეა. სამხრეთელებს უყვართ მზე და ლამაზი სათამაშო სტილი.

პლუს ამას ფელიპე კოუტინიოს ფაქტორიც ემატება, რომელთანაც ფირმინოს ჩინებული ურთიერთობა აქვს.

ფირმინო არ არის მუჰამედ სალაჰი, რომ „მერსისაიდელებმა“ მის ტრანსფერს ვეტო დაადონ.

არის კიდევ ერთი ფაქტორი. კოუტინიოს გაშვების შემდეგ „ლივერპულსა“ და „ბარსელონას“ შორის ურთიერთობა დაიძაბა და რთული სათქმელია რა ვითარება იქნება 2019 წელს.

ჰარი კეინის ჯერიც დადგა. ინგლისელი ფორვარდის დამატებაზე ნებისმიერი გუნდი ოცნებობს, განსაკუთრებით კი მადრიდის „რეალი“.

ფლორენტინო პერესს „დეზებმა“ 200 მილიონი ფუნტის გადახდა მოსთხოვეს, რამაც „რეალის“ ლეგენდარული პრეზიდენტი უკან გააბრუნა.

ადვილი მისახვედრი არ არის, რომ კეინი მთელს კარიერას „ტოტენჰემის“ რიგებში არ გაატარებს.

ინგლისელი მალე რომელიმე გრანდის მაისურს მოირგებს და ეს უბრალოდ დროის საკითხია.

„ბარსელონა“ ინგლისელებისთვის უცხო ადგილი ნამდვილად არ არის. ყველას კარგად ახსოვს ლეგენდარული გარი ლინეკერის კატალონიური კარიერა, რომელიც „კამპ ნოუზე“ 1986-1989 ასპარეზობდა.

მტკივნეული პროცესი

წლევანდელი სეზონი ბევრ რამეს გადაწყვეტს. „ბლაუგრანაში“ შემადგენლობის ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს და კლუბის ბორდი დიდ სიფრთხილეს იჩენს.

მესი ნელ-ნელა ასაკში შედის და სულ უფრო ირგებს ნახევარმცველის როლს. არგენტინელს თავდასხმაში აგრესიული, გამტანი და დომინანტი ფორვარდი სჭირდება.

ვნახოთ გამართლდება თუ არა ჭორები, იქნებიან თუ არა ახალი კანდიდატები და რაც მთავარია - როგორი სეზონი ექნება წელს სუარესს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები