სერია A. მე-5 ტური - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია A. მე-5 ტური - იცოდით, რომ...

CrystalSport-ი გთავაზობთ ყოველკვირეულ რუბრიკას, რომლითაც იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

ფრანჩესკო კაპუტომ იტალიის სერია A-ში 2018 წლის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მან „სასუოლოს“ კარი მე-18 წამზე აიღო.

რობერტო ინგლეზემ „კალიარის“ ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაუტანა. „პარმას“ შემტევისთვის ჩემპიონატში მე-2 გოლია, ორივე მათგანი მან სახლის შეხვედრაში შეაგდო.

ფედერიკო კიეზამ სერია A-ში გატანილი ბოლო 11-დან 9 გოლი მეორე ტაიმში შეაგდო.

მარსელო ბროზოვიჩმა „სამპდორიასთან“ გამარჯვების გოლი მატჩის დაწყებიდან 93 წუთისა და 11 წამის შემდეგ გაიტანა. „ინტერს“ ამაზე გვიანი გოლი 2016 წლის აპრილის შემდეგ არ გაუტანია, მაშინ ედერმა „უდინეზეს“ კარი აიღო.

2012-2013 წლების სეზონიდან მოყოლებული „ტორინომ“ „ნაპოლისგან“ უკვე 30 გოლი გაუშვა. ტურინელებს ამ დროში ამდენი გოლი არცერთი სხვა მეტოქისგან არ მიუღიათ.

მარეკ ჰამშიკმა სერია A-ს ეგიდით მე-400 შეხვედრა ჩაატარა. ამ ტურნირზე მისი დებიუტი 2007 წლის 26 აგვისტოს „კალიარის“ წინააღმდეგ გამართული მატჩისას შედგა.

სიმონე ვერდიმ სერია A-ში გატანილი ბოლო 21-დან 17 გოლი პირველ ტაიმში შეაგდო. ვერდიმ "ნაპოლის" მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა.

„ბოლონიამ“ 564 წუთიანი მშრალი სერია „რომასთან“ გატანილი გოლით შეწყვიტა. „როსობლუს“ ბოლო გოლი 13 მაისს „კიევოსთან“ ჰქონდა გატანილი.

ანდრეი შევჩენკოს შემდეგ, კრისტოფ პიატეკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს საწყის 4 მატჩში 5 გოლი შეაგდო. უკრაინელმა ვარსკვლავმა იგივე 1999 წელს გააკეთა და იმ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„რომამ“ ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ 3 გასვლითი მატჩი 2013 წლის იანვრის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ გუნდს ზდენეკ ზემანი წვრთნიდა.

2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, გონსალო იგუაინმა სერია A-ში „მილანის“ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - წუთი და 33 წმ. მაშინ, 2013 წლის 6 ოქტომბერს, სულეი მუნტარიმ „იუვენტუსს“ მე-18 წამზე გაუტანა.

„ფროზინონესა“ და „იუვენტუსის“ მატჩის 27-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ წლევანდელ სერია A-ში კარისკენ 37-ედ დაარტყა და იმავე „ფროზინონეს“ მიერ სეზონის დაწყების შემდეგ ჯამურად შესრულებულ 36 დარტყმას გადაასწრო.

ისტორიაში მხოლოდ მე-5 შემთხვევაა, როცა „იუვენტუსმა“ სეზონის საწყისი 6 მატჩი მოიგო (იგულისხმება ყველა ტურნირი).

სერია A-ს 5 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუტანია.

ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ „სპალის“ მატჩში 2-ზე მეტი გოლი გავიდა. ფერარელები „ფიორენტინასთან“ 0:3 დამარცხდნენ, მათი მონაწილეობით აქამდე გამართული 5-დან 4 ოფიციალური შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა, მეხუთე თამაში კი - 2:0.

სერია A-ს 5 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი „სასუოლოს“ აქვს გატანილი, რომელმაც მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო. 11-11 გოლი „ფიორენტინამ“ და „იუვენტუსმა“ შეაგდეს.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები