იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეექვსე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეექვსე ტური

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეექვსე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი ლონდონში შედგა, სადაც ადგილობრივ დერბიში ერთმანეთს "ვესტ ჰემი" და "ჩელსი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მატჩი 0-0 დასრულდა. "არისტოკრატების" წარუმატებლობით "ლივერპულმა" მშვენივრად ისარგებლა და ახლა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

ანდრე გრეის „ფულემის“ კარის ასაღებად 1 წუთი და 27 წამი დასჭირდა. „უოტფორდის“ ისტორიაში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გამართულ მატჩებში მასზე სწრაფი გოლი მხოლოდ ეტიენ კაპოს აქვს გატანილი.

2018 წლის თებერვალში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ ალექსანდარ მიტროვიჩზე მეტი გოლი ინგლისის 4 დივიზიონის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი. 

აგუერომ „სიტის“ მაისურით მესამასე მატჩი გამართა. არგენტინელის ანგარიშზე 205 გოლი და 50 შედეგიანი გადაცემაა.

ფრედი „იუნაიტედის“ მეხუთასე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლის გატანა მოახერხა.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გამართულ მატჩებში „არსენალმა“ „ევერტონის“ დამარცხება 97-ჯერ მოახერხა. „მეთოფეებს“ „კანფეტებზე“ მეტი გამარჯვება არცერთ სხვვა გუნდთან არ აქვთ მოპოვებული.

ახლადდაწინაურებული კლუბების წინააღმდეგ გამართულ ბოლო 13 შეხვედრაში აგუერომ 13 გოლი შეაგდო და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ენფილდზე“ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მაისურით მეტოქე გუნდების კარი 30-ჯერ აიღო და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჟოაო მოუტინიომ გოლის გაიტანა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. პორტუგალიელს მეტოქის კარი ბოლოს 2017 წელს ჰქონდა აღებული. მოუტინიოს მშრალი სერია 28 მატჩს ითვლიდა.

„არსენალი“ შინ „ევერტონთან“ ბოლოს 1996 წელს დამარცხდა.

ჟოზე მოურინიოს მეთაურობით „მანჩესტერმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ ახლადდაწინაურებული გუნდების წინააღმდეგ 6 ქულა დაკარგა. „იუნაიტედისთვის“ ეს საშინელი მაჩვენებელია. 2006-07 სეზონიდან 2015-18 წლების სეზონამდე „წითელმა ეშმაკებმა“ ახლადაღზევებული კლუბების წინააღმდეგ შინ მხოლოდ 5 ქულა დაკარგეს!

„კარდიფთან“ მატჩში „სიტის“ პირველი გოლი შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გავიდა. „ქალაქელებმა“ 20 გადაცემა შეასრულეს და იერიში რიად მაჰრეზიმ დააგვირგვინა.

2015-16 წლების სეზონის შემდეგ ჰარი კეინზე მეტი თერთმეტმეტრიანი არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. ინგლისელის ანგარიშზე 13 შედეგიანი პენალტია.

„ჩელსიმ“ პრემიერ ლიგის ეგიდით მეექვსასე ლონდონური დერბი გამართა. „არისტოკრატებზე“ მეტი ლონდონური დერბი მხოლოდ „არსენალს“(674) და „ტოტენჰემს“(609) აქვს ჩატარებული.

მარკო არნაუტოვიჩი „ვესტ ჰემის“ უდავო ლიდერია. პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში „ჩაქუჩებმა“ 5 ბურთი შეაგდეს, საიდანაც სამი მან გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჩელსის“ ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ, „ვესტ ჰემთან“ მატჩში 180 გადაცემა შეასრულა(ზუსტი პასების 90 პროცენტი გამოდგა). 2003-04 წლების შემდეგ ეს საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკის ათვლა სწორედ ამ სეზონიდან დაიწყო.

ალექსანდრ ლაკაზეტმა პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა, მონაწილეობა ამდენივე გოლში მიიღო. ფრანგის ანგარიშზე 7 შეგდებული ბურთი და ორი შედეგიანი გადაცემაა.

პრემიერ ლიგაში დებიუტის შემდეგ ობამეიანგზე მეტი გოლი მხოლოდ მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. გაბონელმა მეტოქის კარი 12-ჯერ, ხოლო სალაჰმა 16-ჯერ აიღო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები