Aa
Aa

"ისტორია ყველაფერზე მეტყველებს..." - გვირაბში პიკესა და არბიტრს შორის საუბარი შედგა

ლა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ კატალონიურ დერბიში „ხირონას“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველ ნახევარში მთავარმა არბიტრმა ხილ მანსანომ მოედნიდან კლემენ ლენგლე გააძევა და მასპინძლები უმცირესობაში დატოვა.

ლენგლე მეტოქე გუნდის მოთამაშეს პერე პონსს ბურთის ართმევის დროს შეეჯახა და ორივე მათგანი მოედანზე დაეცა.

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ლენგლემ მეტოქეს დაასწრო, ბურთი აართვა და პერე პონსმა მას ფეხებში ჩაარტყა.

ერთი შეხედვით, ეპიზოდი ვიდეო რეფერის გადამოწმებას არ საჭიროებდა, თუმცა მანსანომ გამეორების ნახვის შემდეგ ლენგლეს წითელი ბარათი უჩვენა.

ფრანგმა უკანახაზელმა მეტოქეს იდაყვი სახეში მართლაც მოარტყა და ბარათიც ამის გამო მიიღო, თუმცა გამეორებაზე ჩანდა, რომ თითქოს ლენგლე განზრახ არ მოქმედებდა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ პიკე მანსანოს გვირაბში გაესაუბრა და მას ანტიბარსელონური დამოკიდებულება შეახსენა.

პიკე: თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ აქ განზრახ თამაში იყო?

არბიტრი: მომისმინე, მან ბოლოს იდაყვი მოიქნია და ეს თავადაც კარგად იცის. გამეორებაზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდა.

პიკე: კი, ისტორია ყველაფერზე მეტყველებს...

ხერარდ პიკემ ამით ხილი მანსანოს „ბარსელონასადმი“ თავისი დამოკიდებულება შეახსენა.

ხსენებული არბიტრი „ბარსას“ მიმართ არც თუ ისე დადებითად არის განწყობილი. კატალონიელები მის მიმართ უკმაყოფილებას ყველაზე ხშირად გამოთქვამენ და ისტორიის მიხედვით მათ ამის საბაბიც აქვთ.

ხსენებულ ინციდენტზე კომენტარი „ხირონელმა“ პერე პონსმაც გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ ლენგლეს მხრიდან განზრახ უხეშობას ადგილი არ ჰქონია.

„შეჯახების შემდეგ ავდექი და ლენგლეს ხელი გავუწოდე, მას ბოდიში მოვუხადე. დიახ, მე ხელი მართლაც მომხვდა, მაგრამ ამ ეპიზოდში დამნაშავე არავინ იყო.

საბოლოოდ საქმეში მესამე მხარე ვიდეო რეფერი ჩაერია და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“.

მატჩის შემდეგ მსაჯის მიმართ უკმაყოფილებას ვერც ლეო მესი მალავდა. ხილ მანსანომ არგენტინელს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა. მესის რეაქცია ყველაფერზე მეტყველებდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები