დასანანი მარცხი! - ბასილაშვილმა ნიშიკორისთან 3 სეტში წააგო
Aa
Aa

დასანანი მარცხი! - ბასილაშვილმა ნიშიკორისთან 3 სეტში წააგო

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის 250-იან ტურნირს 1/4 ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. ბასილაშვილი იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა.

მსოფლიოს მე-12 ჩოგანმა მატჩის პირველი სეტი 6:3 მოიგო, რასაც მეორე პარტიაში 2:0-ზე დაწინაურება მოჰყვა, თუმცა ნიკოლოზმა თამაში შემოატრიალა და სეტი სათავისოდ დაასრულა.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მე-3 პარტია, რომელშიც ქართველი ბრეიკით დაწინაურდა და 3:1-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თამაშის ბოლო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო - 3:6; 6:4; 4:6.

ბასილაშვილს მეცის ტურნირის წინა წლის გათამაშებაზე 1/2 ფინალი ჰქონდა ნათამაშები, რის გამოც რეიტინგში 45 ქულა დააკლდება და მომავალი კვირიდან მსოფლიოს 35-ე ჩოგანი იქნება.

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში გაემგზავრება და იქაურ ჩენგდუს 250-იან ტურნირზე ითამაშებს. ნიკა მე-3 ნომრადაა განთესილი და პირდაპირ 1/8 ფინალურ სტადიაზეა დაშვებული, სადაც სემ ქუერისა და გუიდო პელას მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები