ფერნანდო ალონსო: წელს მაკლარენი უფრო კონკურენტუნარიანი იქნება
Aa
Aa

ფერნანდო ალონსო: წელს მაკლარენი უფრო კონკურენტუნარიანი იქნება

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ლიდერებთან ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ „მაკლარენ-ჰონდა“ მინიმუმ ორი წამით შეძლებს წრეზე საშუალო დროის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მანქანა ყოველმხრივ უმჯობესდება. და ესპანელი არც იმას გამორიცხავს, რომ პროგრესი უფრო მკვეთრიც კი იყოს.

„ჩვენ გაცილებით უკეთ ვიცით ჩვენი მანქანის ძლიერი მხარეები და ამ მიმართულებით ვვითარდებით. ძირითადი შეზღუდვა ძალურ დანადგარზე გვაქვს და ამიტომ, მანქანის აგებულებასა და ფილოსოფიაში რადიკალური ცვლილებები არ შეგვიტანია. ვიცით ის დეფიციტი, რაც სწორ მონაკვეთებზე სხვებთან შედარებით გვქონდა. და თუ გარკვეულ გადაწყვეტებს განვახორციელებთ და ყველაფერი ისე იმუშავებს, როგორც ჩვენ ველით, წრეზე დროის მხრივ, ძალიან დიდი წინსვლა გვექნება“, - ამბობს ალონსო.

„მაკლარენმა“ თავისი მანქანის პრობლემები გასული სეზონის მსვლელობისასვე დაადგინა, თუმცა მათი აღმოფხვრის საშუალებას ტექნიკური რეგლამენტი უზღუდავდა. ამიტომ, სეზონებს შორის, პირველ რიგში, ინჟინრებმა სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშავეს. პარალელურად, გასული სეზონის დასრულებამდევე დაისახა ბოლიდის მოდიფიცირების გეგმა, რასაც სხვა გუნდებიც აკეთებენ. ისინიც იმედოვნებენ, რომ გაცილებით კონკურენტუნარიანი მანქანების მომზადებას შეძლებენ. ამიტომ, ალონსოს მიერ ნავარაუდები ორი წამი შესაძლოა, ზღვაში წვეთიც კი აღმოჩნდეს.

მაგრამ როგორც ირკვევა, ესპანელი მრბოლი ამასაც ითვალისწინებს. მას მიაჩნია, რომ კონკურენტების გაუმჯობესება დაახლოებით 0.5-1.0 წამი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ „მაკლარენი“ მეტოქეებს დაახლოებით ორი წამით ჩამორჩებოდა, უოკინგელებს კონკურენტებზე დაახლოებით წამით მეტის გაუმჯობესება მართებთ. ბოლიდის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საქმეში კი ძირითადი საქმე, ძალური დანადგარის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება იქნება.

სხვათა შორის, ალონსოს ადრე ნათქვამი აქვს, რომ თუ „მაკლარენი“ და „ჰონდა“ შეძლებენ წრეზე დროის საშუალოდ 2.5 წამით გაუმჯობესებას, მაშინ გამარჯვებაზე ფიქრიც კი შესაძლებელი იქნება.

ცხელი ამბები