''ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია'' - ჯო ბარტონმა ბრაზილიელი გააკრიტიკა
Aa
Aa

''ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია'' - ჯო ბარტონმა ბრაზილიელი გააკრიტიკა

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ''მანჩესტერ სიტის'' ყოფილი ფეხბურთელი ჯო ბარტონი ბრაზილიელ ნეიმარს აკრიტიკებს. პსჟ-ს ვარსკვლავზე საუბრისას ბარტონი პარალელს სომხური წარმოშობის ამერიკელ მოდელთან კიმ კარდაშიანთან ავლებს. ბრიტანელი ნეიმარს მოიხსენიებს, როგორც ''ფეხბურთის კიმ კარდაშიანს.''

გულწრფელი ბარტონი ცნობილ ფრანგულ გამოცემა L'Equipe-ს ესაუბრა.

''ჩემი აზრით ნეიმარი ''ფეხბურთის კიმ კარდაშიანია'' - ამბობს ბარტონი, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.

''ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი არაა, რაც რუსეთში გამართულ მუნდიალზე ნათლად გამოჩნდა. ის არ არის რონალდუს ან მესის დონის და მასზე წინ ბევრი ფეხბურთელი დგას. ის გარეკლამებული ფენომენია, როგორც კიმ კარდაშიანი.''

ფრანგულ გამოცემასთან საუბარში ბარტონი ''მარსელის'' გაწვრთნის სურვილსაც გამოთქვამს, რომლის მაისურით ლიგა 1-ში 2012-13 წლების სეზონში ითამაშა. აღნიშნულ სეზონში ქპრ-ს საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა ფრანგული კლუბისთვის იჯარის წესით ითამაშა.

''მსურს ერთ დღეს ''მარსელის'' მთავარი მწვრთნელი გავხდე. კლუბის კულტურას კარგად ვიცნობ და ვიცი ქომაგებისთვის კლუბი რამდენად მნიშვნელოვანია.

''მარსელის'' ბევრი მწვრთნელი კლუბს არ იცნობდა. ჩემი დაბრუნება ფანტასტიური იქნება.''

36 წლის ჯო ბარტონმა ფეხბურთელის კარიერა 2017 წელს ''ბარნლის'' შემადგენლობაში დაასრულა. ''მანჩესტერ სიტის,'' ''ნიუკასლის,'' ქპრ-ს, ''მარსელის,'' გლაზგოს ''რეინჯერსისა'' და ''ბარნლის'' ყოფილმა ნახევარმცველმა მიმდინარე წელს ''ფლიტვუდ თაუნი'' ჩაიბარა. ბარტონის გაწვრთნილები ინგლისის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები