''ზარანდია დიდებული ბიჭია, ის ქართულ ცეკვას ასრულებს, რასაც გამარჯვება მოაქვს''
Aa
Aa

''ზარანდია დიდებული ბიჭია, ის ქართულ ცეკვას ასრულებს, რასაც გამარჯვება მოაქვს''

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის ''ლეხი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია მოხვდა, რომელმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. 

გამარჯვების გოლი 22 წლის ქართველი შემტევის აქტიურობას მოჰყვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა მეტოქის საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გვერდი აუარა და მისი საგოლე გადაცემის შემდეგ მაცეი იანკოვსკიმ გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩის შემდეგ ''არკას'' მთავარმა მწვრთნელმა ზბიგნევ სმოლკამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

''დიდებული აუდიტორიის წინაშე ვითამაშეთ. ქომაგებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენი გულშემატკივრების წინაშე პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ, რომ ორივე გუნდმა გახსნილი ფეხბურთი ითამაშა.

ზარანდია ქართულ ცეკვას ასრულებს. გადამწყვეტ ეპიზოდში მისმა ცეკვამ გამარჯვება განაპირობა. ლუკა შესანიშნავად ცეკვავს, ის დიდებული ბიჭია.''

ცნობილი პოლონური ვებგვერდი przegladsportowy აღნიშნულ მატჩს შემდეგი სათაურით ეხმაურება; ''ლეხის'' კრიზისი გრძელდება. ზარანდია -პოზნანელთა ღამის კოშმარი.'' sport.tvp.pl ზარანდიას მატჩის გმირს უწოდებს და სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი მატჩის საწყისი წუთებიდან მოყოლებული ძალიან აქტიური იყო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები