ზარანდია პოზნანელთა ღამის კოშმარი - ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი წარმოდგენა
Aa
Aa

ზარანდია პოზნანელთა ღამის კოშმარი - ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი წარმოდგენა

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის ''ლეხი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია მოხვდა, რომელმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

პირველი ტაიმის მიწურულს ზარანდიას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქის ფეხბურთელმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

 

გამარჯვების გოლი 22 წლის ქართველი შემტევის აქტიურობას მოჰყვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა მეტოქის საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გვერდი აუარა და მისი საგოლე გადაცემის შემდეგ მაცეი იანკოვსკიმ გამარჯვების გოლი შეაგდო.

  

ლუკა ზარანდია მეორე დამატებულ წუთზე შეცვალეს.

ცნობილი პოლონური ვებგვერდი przegladsportowy აღნიშნულ მატჩს შემდეგი სათაურით ეხმაურება; ''ლეხის'' კრიზისი გრძელდება. ზარანდია -პოზნანელთა ღამის კოშმარი.''

sport.tvp.pl ზარანდიას მატჩის გმირს უწოდებს და სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი მატჩის საწყისი წუთებიდან მოყოლებული ძალიან აქტიური იყო.

ზარანდია მატჩისშემდგომ ინტერვიუში პოლონურ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ''არკამ'' დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მოედანზე 518 წუთი გაატარა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

''არკამ'' 9 ტურში 10 ქულა მოაგროვა და 16 გუნდს შორის მე-10 პოზიციაზეა. ზარანდიას გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო. ''ლეხთან'' გამარჯვებით ''არკამ'' 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

პოლონეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. ''პოგონმა'' შინ 2:1 დაამარცხა კრაკოვის ''ვისლა.'' მასპინძელთა მაისურით ამპლუით მცველმა ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მოთამაშის კლუბი 7 ქულით მე-13 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები