''სახლში დავბრუნდი'' - ლორია ''დინამოსთან'' ერთად ემზადება
Aa
Aa

''სახლში დავბრუნდი'' - ლორია ''დინამოსთან'' ერთად ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ''კრილია სოვეტოვიდან'' წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია. გამოცდილი ფეხბურთელი  ყოფილ კლუბ თბილისის ''დინამოსთან'' ერთად ფორმის შენარჩუნების მიზნით ემზადება.

32 წლის ლორიას კომენტარი თბილისის ''დინამოს'' ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

''კრილია სოვეტოვიდან'' წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ ვარ. სახლში დავბრუნდი, თბილისის ''დინამოსთან'' ერთად ვვარჯიშობ. ჩემთვის ''დინამო'' უცხო გუნდი არაა. შესაბამისად პრობლემა არ მქონია. მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან, ზაურ სვანაძესთან და გელა ჭანტურიასთან დიდი ხანი ვმუშაობდი. თბილისის ''დინამოს'' ხელმძღვანელობას მადლობას გადავუხდი, რომ მომცეს გუნდში ვარჯიშის საშუალება.

გუნდში მოსვლისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს არც წავსულვარ. ''დინამო'' მენატრებოდა. ძალიან მიხარია რომ ''დინამოში'' ვარჯიშის საშუალება მომეცა. თითქოს არაფერი შეცვლილა. ბაზა, მინდორი, ვითარება, ყველაფერი იგივეა.''

  

გიორგი ლორია 2005-14 წლებში თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობაში ასპარეზობდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, ასევე სამჯერ გაიმარჯვა საქართველოს თასის ფინალში.

გიორგი ლორიამ რუსული კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. წამოსვლისას ფეხბურთელი ''კრილია სოვეტოვის'' პრესსამსახურს ესაუბრა: ‘‘საწყენია რომ კლუბიდან წასვლა ასეთი ფორმით მიწევს. უპირველესად თითოეულ ქომაგს დიდ მადლობას ვუხდი. ასევე დიდი მადლობა კლუბს. კლუბში თამაშის სურვილი კვლავ მქონდა, თუმცა ასე გამოვიდა.

‘‘კრილიაში’’ ორი წელი ვითამაშე, ახლა კი კლუბს ვემშვიდობები. კლუბს და ქალაქს ძალიან მივეჩვიე. ‘‘კრილიაში’’ თამაში და სამარაში ცხოვრება ძალიან სასიამოვნო იყო. ქომაგებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მათ წარმატებებს ვუსურვებ. მსურს კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს.’’

2015 წელს გიორგი ლორიამ პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' დატოვა და ''კრილია სოვეტოვის'' ფეხბურთელი გახდა.  2017-18 წლების სეზონი განათხოვრებით ''ანჟიში'' გაატარა. გასულ ზაფხულში გამოცდილი მეკარე სამარულ კლუბს დაუბრუნდა.

საერთო ჯამში ლორიამ რუსეთის პრემიერლიგაში 52 მატჩი ჩაატარა. რუსული გამოცემების ვერსიით არაერთხელ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 

ლორიას პირველი უცხოური კლუბი ბერძნული ოფი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები