NBA: „ჩიკაგო“ „ვაშინგტონთან“ დამარცხდა
Aa
Aa

NBA: „ჩიკაგო“ „ვაშინგტონთან“ დამარცხდა

გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი იყო, რომელთგანაც ორი ლოგიკური შედეგით დასრულდა, ხოლო ერთში მოულოდნელად "ჩიკაგომ" შინ წააგო "ვაშინგტონთან". დედაქალაქელები მარცინ გორტატის, კრის ჰემფრიზისა და ბრედლი ბილის გარეშე თამაშობდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, მატჩის მსვლელობისას 18-ქულიანი უპირატესობა მოეპოვებინათ.

"ჩიკაგომ" შეძლო მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირება, მაგრამ იქვე "ვაშინგტონი" 13:2 გაიქცა და საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე, 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რის შემდეგაც, გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

"უიზარდსის" რიგებში შვიდმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება, მათგან ყველაზე შედეგიანი კი ჯონ უოლი იყო - 17 ქულა და 10 შედეგიანი პასი.

"ვაშინგტონმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, არადა, მანამდე ექვს შეხვედრაში ხუთი წაგება ჰქონდა. "ჩიკაგომ" კი შეწყვიტა შინ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია, თუმცა ზედიზედ მე-11 მატჩში დააგროვა მინიმუმ 100 ქულა, რაც 1995 წლის შემდეგ არ მომხდარა.

"ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა 23 ქულა დააგროვა და კარიერული 7 383 ქულით, "ჩიკაგოს" ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეათე ადგილზე გადავიდა. მან ბენ გორდონს გაუსწრო, ხოლო მეცხრე ადგილზე მყოფ რეჯი ტეუსს დაახლოებით 900 ქულით ჩამორჩება.

მოიგეს გუშინ, დასავლეთი კონფერენციის ლიდერებმა. "სან ანტონიომ" სტუმრად სძლია უმწვრთნელოდ დარჩენილ "ბრუკლინს" და ეს ძალიან იოლად გააკეთა. თუ "ნეტსი" პირველ ტაიმში ასე თუ ისე ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს, მეორე ნახევარი "სპურსმა" 61:41 მოიგო. გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე მოგება იყო, "ბრუკლინმა" კი შინ ზედიზედ მეათედ წააგო.

უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა მთლიანად ჩემპიონატის ლიდერს "გოლდენ სტეიტს". ის შინ იღებდა "მაიამის" და სამი მეოთხედის შემდეგ, მხოლოდ სამ ქულას იგებდა. თავიდან ტყორცნები არ წაუვიდა სტივენ კარის - პირველი ცხრა სამქულიანიდან შვიდი ააცილა, სულ კი 11-დან ოთხი შორეული სროლა მოათავსა კალათში. და საერთოდაც, კარიმ ამ სეზონში პირველად დაასრულა მატჩი მარგი ქმედების კოეფიციენტის უარყოფილი მაჩვენებლით.

ამიტომაც, მეოთხე მეოთხედი "გოლდენ სტეიტის" სათადარიგო მოთამაშეებმა დაიწყეს. და მარის სპეიტსმა, რომელმაც პირველ სამ მეოთხედში ქულა ვერ აიღო, ზედიზედ ექვსი ქულა მიითვალა და საბოლოოდ მოუპოვა თავის გუნდს ინიციატივა. "უორიორზი" ცხრა ქულით გავიდა წინ და ახლოს აღარ მიიკარა მეტოქე. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე, სტივენ კარიმ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 110:101 გახდა...

"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 36-ე საშინაო მატჩი მოიგო, რაც ხანგრძლივობით მეოთხე სერიაა ისტორიაში. აბსოლუტური რეკორდი - ზედიზედ 44 მოგება შინ 1996-97 წლების "ჩიკაგოს" ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები