ევროთასებზე 13 ოქტომბერს საკუთარ კედლებში ვიწყებთ
Aa
Aa

ევროთასებზე 13 ოქტომბერს საკუთარ კედლებში ვიწყებთ

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს კონტინენტის ფარზე 8-ის ნაცვლად 6 კლუბი ითამაშებს. ისინი ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და თითოეულს თანაჯგუფელებთან შინ და გარეთ მოუწევს ორ-ორი თამაშის გამართვა. ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს 2-მატჩს ფინალში, ასევე შინ და გარეთ შეხვდებიან, მოგებული 2019/2020 წლების „ჩელენჯ ქაფის“ საგზურს მიიღებს.

მეორე საგზურს ასევე ორმატჩიან დუელში რუსეთის ‘ენისეი’ და რუმინეთის ‘ტიმიშუარა-სარასენსი’ გაითამაშებენ, რომლებმაც წლევანდელი ჩელენჯ ქაფის საგზური 2017/2018 წლების კონტინენტის ფარზე წარმატებული თამაშით მოიპოვეს.

წელს „კონტინენტის ფარზე“ ოთხი იტალიური კლუბი, თბილისის ‘ლოკომოტივი’ და ბელგიის რაგბის კავშირის ფრანჩაიზი - ბელგიელი ბარბაროსები XV ითამაშებენ. საქართველოს ჩემპიონი „ა“ ჯგუფში ‘კალვიზანოსა’ და ‘ფიამე ორო რომასთან’ მოხვდა; „ბ“ ჯგუფში ‘პეტრარკა პადოვა’, ‘როვიგო დელტა’ და ბელგიური კლუბების ნაკრები (ბარბაროსები) ითამაშებენ.

ლოკომოტივი’ პირველ თამაშს 13 ოქტომბერს გამართავს და „ავჭალაზე“ ‘კალვიზანოს’ უმასპინძლებს; 8 დეკემბერს ‘ფიამე ოროს’ სტუმრად შეხვდება; 15 დეკემბერს თბილისელებს ‘კალვიზანოსთან’ განმეორებითი შეხვედრა ელით; 12 იანვარს რკინიგზელები „ავჭალაზე“ ‘ფიამე ოროს’ მიიღებენ. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ‘ლოკომოტივი’ ფინალში „ბ“ ჯგუფის გამარჯვებულს 30 მარტს შინ მიიღებს, ხოლო 20 აპრილს სტუმრად შეხვდება.

ცხელი ამბები