ნიკო კოვაჩის შეფასება - ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები, პლანეტის საუკეთესო მოთამაშე და სხვა
Aa
Aa

ნიკო კოვაჩის შეფასება - ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები, პლანეტის საუკეთესო მოთამაშე და სხვა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ჩემპიონთა ლიგის სტარტს გამოეხმაურა.

როგორც მოგეხსენებათ „რეკორდმაისტერი“ ჯგუფში „ბენფიკასთან“, „აიაქსთან“ და „აეკ“-თან ერთად იმყოფება.

კოვაჩმა თავის გუნდზე და ჯგუფის შანსებზე საუბარი არ დაიწყო. ხორვატი სპეციალისტი ძირითადად ტურნირის ფავორიტებს შეეხო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

რეალის ჰეთ-თრიკი და წლევანდელი როლი

„რეალმა ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიგო და ეს ნამდვილად უნიკალურია. არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ უახლოეს მომავალში კიდევ განმეორდეს.

მადრიდელები რონალდუს გარეშე შეიცვალნენ, თუმცა კვლავინდებურად კარგ გუნდად რჩებიან.

დიდებულია, რომ მათ ლიგის მოგება სამჯერ ზედიზედ მოახერხეს, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ სამ წელიწადში ლა ლიგა მათ მხოლოდ ერთჯერ მოიგეს.

ეს ყველაფერი გვანახებს, რომ ერთდროულად სამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა ძალიან რთულია, თუმცა ვთვლი, რომ წელს „რეალი“ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს.

ტურნირის ფავორიტები

უმთავრეს ფავორიტებად „რეალსა“ და „ბარსელონას“ მივიჩნევ. ძლიერები არიან ინგლისური გუნდებიც. მაგალითად, „ლივერპულმა“ „პსჟ“-სთან საკმაოდ დრამატული გამარჯვება მოიპოვა.

„პსჟ“-სა და „იუვენტუსსაც“ კარგი გუნდები ჰყავთ, ისინიც ფავორიტებად მიმაჩნია. უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში პატარა გუნდებისთვის პროგრესი საკმაოდ რთული გახდა. გრანდებს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვთ და შესაბამისად გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავთ.

ერთ კონკრეტულ შეხვედრაში თქვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგიძლიათ, თუმცა როდესაც ორი მატჩის გამართვა გიწევთ ყველაფერი გაცილებით რთულია და თამაშის ხარისხი თავს უფრო მკაფიოდ იჩენს. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალებამდე დიდი გუნდები გაცილებით მარტივად მივლენ.

ვინ არის საუკეთესო მოთამაშე?

ჩემთვის მესი საუკეთესოა. ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.

რონალდუ ასევე მსოფლიო კლასის მოთამაშე გახლავთ, მისი სათამაშო სტილი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს მისი თანდაყოლილი ნიჭი არ არის, თუმცა მან ამ ყველაფერს შრომით მიაღწია.

შენ შეიძლება ტალანტი გქონდეს, თუმცა მთავარი ამ ტალანტის განვითარებაა. ეს ის არის, რაც რონალდუმ მიაღწია და იგი ფანტასტიურია.

სალაჰი და მოდრიჩიც დიდებული ფეხბურთელები არიან. გასულ სეზონში ისინი უმაღლეს დონეზე იდგნენ.

ყველაფრის მიუხედავად, საბოლოოდ შეხვედრების ბედს მაინც ინდივიდუალური ოსტატობა და კლასი წყვეტს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები