Aa
Aa

ტოჩინოშინის შთამბეჭდავი გამარჯვება! - იოკოძუნა კაკურიუ დამარცხებულია!

შემოდგომის "აკი ბაშო"-ს მე-11 დღეს, ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!

მონღოლი სუმოისტი შესანიშნავ ფორმაშია და საწყისი 10 ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, ტოჩინოშინთან ურთიერთშეხვედრებში კი უდიდესი უპირატესობით იყო - 22:2. წინასამატჩოდ, გორგაძის ბალანსი 6:4-ზე გახლდათ და კაჩი-კოშისათვის, ამ ბაშოზე კიდევ 2 გამარჯვება სჭირდებოდა.

ლევანმა მავაშში ორმაგი ჩავლება წამებში აიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ქართველს უდიდესი უპირატესობა მისცა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტოჩინოშინი ორმაგი მავაშისას ერთ-ერთ უძლიერესი რიკიშია. მან კაკურიუ ხელში აიტაცა და იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა. საერთოდ, სუმოში ისეთი წაგება, როცა მეტოქე ჰაერში აგიტაცებს და მიწაზე ვერცერთ ფეხს ვეღარ დგამ, სამარცხვინო დამარცხებად ითვლება.

შედეგად, არცთუ კარგ სპორტულ ფორმაში მყოფმა და ტრავმის თანხლებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა, ბრწყინვალე სვლაზე მყოფი თავისთვის უხერხული და ზოგადად, უძლიერესი მეტოქე დაამარცხა, რითაც მიმდინარე ბაშოზე მე-7 ორთაბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ 4 შეხვედრაში 1 გამარჯვება სჭირდება.

"აკი ბაშო"-ს მორიგ, მე-12 დღეს, ლევან გორგაძის მოწინააღმდეგე სუმოს ცოცხალი ლეგენდა, ჰაკუჰო იქნება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბაშოს მოსაგებად იბრძვის და ჩვეულ სპორტულ ფორმაში იმყოფება. გორგაძემ მას რამდენიმე თვის წინ ისტორიაში პირველი ურთიერთდაპირისპირება მოუგო, ჰაკუჰოს კი ქართველი 25-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

ცხელი ამბები