კვერკველიას უიღბლო დებიუტი - ქართველი ფეხბურთელი სტამბოლში დამარცხდა
Aa
Aa

კვერკველიას უიღბლო დებიუტი - ქართველი ფეხბურთელი სტამბოლში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სოლომონ კვერკველიას დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. D ჯგუფის პირველ ტურში თურქეთის ჩემპიონმა ''გალათასარაიმ'' საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა მოსკოვის ''ლოკომოტივი.''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა. მარცხის მიუხედავად კვერკველია თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. Sofascore-მა მას 6,6 დაუწერა. ამ მაჩვენებლით ქართველი მხოლოდ გუნდის კაპიტან იგორ დენისოვს ჩამორჩა, რომელმაც 6,7 მიიღო.

ისევე როგორც ''გალას,'' რუსეთის ჩემპიონს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. მე-9 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, აფრიკელმა გარი როდრიგესმა რუსული კლუბის მეკარეს, გილერმეს ახლო კუთხეში დაურტყა. გილერმე შეცდა და თერიმის გუნდი დაწინაურდა.

როდრიგესის გოლი

 

დებიუტის გოლით აღნიშვნა 26 წლის ქართველ მცველს შეეძლო, თუმცა კვერკველიას დარტყმის შემდეგ თურქული კლუბის ფეხბურთელმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

კვერკველიას შანსი

 

67-ე წუთზე იური სიომინის გუნდმა მეორე გოლი გაუშვა. სტანდარტული ვითარებისას ერენ დერდიოკმა კარისკენ ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. გილერმეს, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია და რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავს, ამჯერადაც უკეთ მოქმედება მართებდა.

დერდიოკის გასროლა

 

87-ე წუთზე ''გალათასარაი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან პაპა ნდიაიემ თამაშის წესი ანტონ მირანჩუკთან ორთაბრძოლისას დაარღვია. ნდიაიემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თერიმის გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.

ნდიაიეს გაძევება

 

მეოთხე დამატებულ წუთზე სტამბოლურმა გუნდმა მესამე გოლი შეაგდო. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა სოლომონ კვერკველიას შეცდომით დაიწყო, რადგან ქართველმა მცველმა მეტოქის ნახევარზე მარტივ ვითარებაში ბურთი ვერ დაამუშავა. სწრაფ კონტრშეტევას პენალტი მოჰყვა, რომელიც ცვლილებაზე გამოსულმა სელჩუკ ინანმა ანგარიშში ასახა.

კვერკველიას შეცდომა და სელჩუკ ინანის გოლი

 

D ჯგუფის მეორე შეხვედრაში ''შალკესა'' და ''პორტუს'' საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ''ფელტინს არენაზე'' გოლები მეორე ტაიმში გავიდა. გერმანული გუნდის მხრიდან ანგარიში ემბოლომ გახსნა, ბრაზილიელმა ოტავიომ კი პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტურში ''ლოკომოტივი'' გერმანულ კლუბს უმასპინძლებს, ''გალათასარაი'' კი ''პორტუს'' ესტუმრება. თამაშები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები