სერია A. მე-4 ტური - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია A. მე-4 ტური - იცოდით, რომ...

CrystalSport-ი გთავაზობთ ყოველკვირეულ რუბრიკას, რომლითაც იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

„პარმასთან“ წაგებამდე, „ინტერს“ ბოლო 4 მატჩი მოგებული ჰქონდა, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაატარა. ყველა ეს თამაში „სან სიროზე“ იყო გამართული.

„ინტერთან“ შეხვედრისას, „პარმამ“ პირველ ტაიმში მეტოქის კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა, რაც ერთი ტაიმის გათვალისწინებით, მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„ინტერმა“ „პარმასთან“ მატჩისას მეტოქის კარისკენ 28-ჯერ დაარტყა. ბოლოს, ამდენი დარტყმის შემდეგ, გუნდმა გოლი 2012 წლის თებერვალში „ნოვარას“ ვერ გაუტანა.

ლორენცო ინსინიემ სერია A-ს ეგიდით 50-ე გოლი გაიტანა. მან ყველაზე მეტი - 6 გოლი „მილანისა“ და „ფიორენტინას“ კარში გაიტანა, 5-ჯერ კი „სამპდორიას“ კარი აიღო.

„სამპდორიამ“ იტალიის უმაღლეს ლიგაში თავისი საიუბილეო - მე-700 მატჩი მოიგო.

21-ე საუკუნეში მეორედ მოხდა, როცა სერია A-ს საწყის 4 ტურში კონკრეტულმა გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. გასულ სეზონში ასეთი შედეგი „კროტონეს“ ჰქონდა, წელს კი უგოლოდ „ბოლონია“ და „ფროზინონე“ არიან.

ბრაიან კრისტანტემ „რომას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. მან ეს პირველივე დარტყმის შედეგად მოახერხა.

„იუვენტუსმა“ სერია A-ს ბოლო 11-დან 5 მატჩში პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა. ამ 5 თამაშში გუნდმა 1-ზე მეტი გოლი ვერ გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში 28-ე დარტყმის შემდეგ გაიტანა. ლა ლიგის გასული წლის ლა ლიგაშიც ამდენივე დარტყმა დასჭირდა, რათა სეზონის სადებიუტო ბურთი გაეტანა.

1948-1949 წლების სეზონში ხუან კარლოს ვერდეალის მაჩვენებლის შემდეგ, კრისტოფ პიატეკი „ჯენოას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს საწყის 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ჟოაო პედრომ წლევანდელ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, რისთვისაც ბურთთან მხოლოდ 3 შეხება დასჭირდა.

1998 წლის შემდეგ, „მილანს“ „კალიარისთან“ გამართულ 30 მატჩში მხოლოდ 1 წაგება აქვს. „როსონერიმ“ სარდინიელებს ბოლო 18 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაუტანა.

„მილანმა“ სერია A-ს ეგიდით კარი მშრალად ბოლოს 15 აპრილს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ შეინახა. მას შემდეგ გუნდს ზედიზედ 9 მატჩში აქვს გოლი გაშვებული.

ანდრეა პეტანიამ სერია A-ში პირველი დუბლი შეასრულა, რაც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოახერხა. 23 წლის ფეხბურთელი ახლაც „ატალანტას“ საკუთრებაა და „სპალში“ იჯარის წესით თამაშობს.

ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მხოლოდ 3 გუნდია, რომელმაც საწყისი 4-დან 3 ტურში გოლი არ გაუშვა - „ლივერპული“, „ხეტაფე“ და „სპალი“.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები