ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ამაღლებული განწყობით ხვდება
Aa
Aa

ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ამაღლებული განწყობით ხვდება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დონეცკის ''შახტარმა''  სტუმრად 2:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''ოლექსანდრია,'' რომელიც მარცხის მიუხედავად კვლავ მეორე ადგილზეა. დონეცკურმა კლუბმა პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.

''ოლექსანდრიას'' წინააღმდეგ ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა. უკრაინულმა მედიამ ხოჭოლავას თამაში დადებითად შეაფასა. ua-football-ის ვერსიით საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

როგორც აღნიშნული ვებგვერდი აღნიშნავს, ''ოლექსანდრიას'' შეტევებისას ხოჭოლავამ საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ქართველი მცველი მეტოქის შეტევებს შლიდა, ჩაჭრასა და ართმევაზე ზუსტად მოქმედებდა.

უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ''შახტარმა'' 8 მატჩიდან 7 მოიგო და 3 ქულა მხოლოდ კიევის ''დინამოსთან'' დაკარგა. 12-გუნდიან ჩემპიონატში ''შახტარი'' 21 ქულით პირველ ადგილზეა.

ხოჭოლავა ''შახტარის'' ერთადერთი მცველია, რომელიც მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგის ყველა ტურში სასტარტოში მოხვდა. ხოჭოლავამ ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა ხოჭოლავას ''ჰოფენჰაიმის'' წინააღმდეგ სასტარტოში ათამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის F ჯგუფის პირველ ტურში ''შახტარი'' ხარკოვში იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილ ''ჰოფენჰაიმს'' უმასპინძლებს. საფეხბურთო დაპირისპირება 19 სექტემბერს თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

გასულ სეზონში ხოჭოლავამ ''შახტარის'' მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა. ფონსეკამ ხოჭოლავა სასტარტოში მხოლოდ ერთხელ, როტერდამის ''ფეიენორდთან'' ათამაშა. საერთო ჯამში თბილისის ''დინამოსა'' და ''საბურთალოს'' ყოფილმა მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგაზე 104 წუთი ითამაშა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები