ქართველების მძიმე მარცხი - ''სან ხოსეს'' მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
Aa
Aa

ქართველების მძიმე მარცხი - ''სან ხოსეს'' მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ''სან ხოსემ'' მთავარი მწვრთნელი მაიკლ სტარე წარუმატებელი მუშაობის გამო გაათავისუფლა. 43 წლის შვედი ამერიკულ კლუბს 2017 წლის ნოემბერიდან წვრთნიდა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''სან ხოსეს'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად 44 წლის სტივ რალსტონი დაინიშნა, რომელიც 2015 წლიდან ''სან ხოსეს'' სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

2005 წელი - სტივ რალტსონი და კლინტ დემპსი ''ნიუ ინგლენდ რევოლუშენში'' ასპარეზობისას

სტარესთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო შეხვედრა დასავლეთ კონფერენციის ლიდერ ''კანზას სიტისთან'' შედგა. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე, ''ავივაზე'' 1:5 განადგურდა. 

''სან ხოსესთვის'' ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა. ზოგადად მასპინძელთა დაცვის ხაზმა დაბალ დონეზე ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს პირველ, მეორე და მეოთხე გაშვებული გოლებისას აშკარად უკეთ თამაში მართებდა. 

პირველი გოლი

 

მეორე გოლი

 

მეოთხე გოლი

sofascore-ს შეფასების მიხედვით ვაკო ყაზაიშვილი ორივე გუნდის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო. მატჩში მონაწილე 28 ფეხბურთელიდან ქართველმა მხოლოდ სამ მოთამაშეზე მაღალი შეფასება მიიღო. 25 წლის შემტევმა ლიდერთან მატჩი აშკარად ჩააგდო. 73-ე წუთზე სტარემ ყაზაიშვილი ''აიაქსის'' ყოფილი ფორვარდით დანი ჰოესენით შეცვალა. სწორედ ჰოესენის ანგარიშზეა ''კანზას სიტის'' კარში შეგდებული ერთადერთი გოლი.

''სან ხოსემ'' უკანასკნელი 10 მატჩიდან 6 წააგო, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და მხოლოდ ორ მატჩში გაიმარჯვა.

''სან ხოსეში'' ვაკო ყაზაიშვილი 2017 წლის ივლისიდან თამაშობს, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიან ლეიტჩი იყო. ნოემბერში ლეიტჩი შვედმა მაიკლ სტარემ შეცვალა.

დასავლეთ კონფერენციაში ''სან ხოსე'' აუტსაიდერია. 28 მატჩიდან მხოლოდ 4 მატჩი მოიგო და 16 შეხვედრაში დამარცხდა. კაშიასა და ყაზაიშვილის გუნდი 12-გუნდიან ლიგაში 20 ქულით ბოლო ადგილზეა, უშუალო კონკურენტ ''კოლორადოს'' 4 ქულით ჩამორჩება. ''სან ხოსე'' შემდეგი ტურის მატჩს 20 სექტემბერს ხერარდო მარტინოს გაწვრთნილ ''ატლანტასთან'' გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები