Aa
Aa

ხარაიშვილმა ''გიოტებორგი'' მარცხისგან იხსნა - 22 წლის ქართველის მორიგი გოლი

შვედეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში 22 წლის გიორგი ხარაიშვილმა მორიგი გოლი შეაგდო. ამჯერად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა თავი პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

''გიოტებორგისა'' და ''ელფსბორგის'' შეხვედრა ფრედ 2:2  დასრულდა. ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 87-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

არბიტრმა პენალტი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დანიშნა. განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ''გიოტებორგის'' ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესი მოედნის ფარგლებს გარეთ დაირღვა. საბოლოოდ, ''საბურთალოდან'' შვედურ კლუბში განათხოვრებულმა ფეხბურთელმა შანსი გამოიყენა და გუნდი მარცხისგან იხსნა.

ხარაიშვილმა მიმდინარე სეზონში შვედეთის ჩემპიონატის 18 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 24 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, გიორგი ხარაიშვილით ჰოლანდიური ამსტერდამის ''აიაქსი'' დაინტერესდა. ''აიაქსის'' სპორტული დირექტორის მარკ ოვერმარსის მოთხოვნით შვედეთში კლუბის სკაუტები იმყოფებოდნენ. მათ მიზანს ქართველ ფეხბურთელზე დაკვირვება წარმოადგენდა. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

2012 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც კლუბის სპორტულ დირექტორად ოვერმარსი დაინიშნა, ჰოლანდიური კლუბის მთავარი სკაუტი ჰენკ ველდმატე გახდა. ხარაიშვილის თამაშის სანახავად სკანდინავიაში სწორედ ველდამტე იმყოფებოდა.

გიორგი ხარაიშვილი შვედურ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რეალური წინადადება არ მიუღია. 22 წლის შემტევი crystalsport-ს ესაუბრა. ხარაიშვილი ''აიაქსის'' მხრიდან დაინტერესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ასევე ცნობილმა ჰოლანდიურმა ვებგვერდმა voetbalzone-მ გაავრცელა.

''ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ დაინტერესებულ კლუბებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომაწოდოს. მხოლოდ მაშინ მითხრას თუ შეთავაზება რეალური, ასპროცენტიანი იქნება'' - განაცხადა ხარაიშვილმა aftonbladet-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები