ქართული ფინალი და 6 მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
Aa
Aa

ქართული ფინალი და 6 მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

სოფიაში გრძელდება ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. გათამაშების მეორე დღეს -81 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკა მაისურაძემ ტატო გრიგალაშვილს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. შესაბამისად, გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქალთა შორის 57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა მისი ბოლო ორთაბრძოლა წარუმატებელი გამოდგა და ვერცხლის მედალი ერგო. ფინალში ფრანგმა სარა ლეონმა იპონით დაამარცხა.

ქალთა შორის ლიპარტელიანის მსგავსად მედალი მარიამ ჭანტურიამ მოიპოვა, რომელიც 70 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. ჭანტურიამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელი ჯესიკა გორისენი დაამარცხა.  ჭანტურია ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ტურნირის პირველ დღეს ჯაბა პაპინაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -60 კგ. წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პაპინაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გეგმავდა, თუმცა აზერბაიჯანელ ტოფიგ მამედოვთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაში რუსი ობი ჯებოვის ბარიერი დაძლია, ხოლო გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ ვერჰორსტერტის აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ბაგრატ ნინიაშვილი, რომელიც 66 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.

ნინიაშვილმა მონტენეგროელი მარკო გუსიჩი და ფრანგი რედა სედოუკუ დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში იტალიელმა მანუელ ლომბარდომ სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნინიაშვილმა ებრაელი ამიტ ბობოვიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები