„რეალის“ ღია ვარჯიშს 6000 გულშემატკივარი დაესწრო
Aa
Aa

„რეალის“ ღია ვარჯიშს 6000 გულშემატკივარი დაესწრო

დღეს ზინედინ ზიდანის პირველი სამუშაო დღე იყო "რეალის" თავკაცის პოსტზე და მან ზიზუს ტრიუმფით ჩაიარა. "რეალში" წარმატებისთვის მნიშვნელოვანი (თუ გადამწყვეტი არა) ფაქტორი მადრიდული ინჩადის კეთილგანწყობაა.

ვვარაუდობდით, რომ ასეც იქნებოდა და ეს "სამეფო კლუბის" ღია ვარჯიშზე დადასტურდა - 6 ათასმა ფანმა ოვაცია მოუწყო. თითქოსდა, დროებით დანიშნულმა ფრანგმა ერთ დღეში მიაღწია იმას, რაც ფაქტობრივად, რეალელმა რაფა ბენიტესმა 7 თვეში ვერაფრით შეძლო.

ზინედინ ზიდანის სახელი (რომელიც მან დიდებული თამაშით მოიხვეჭა "რეალში" და არა მარტო იქ) დამოკლეს მახვილივით იყო "სამეფო კლუბის" უკანასკნელი სამი მწვრთნელის თავზე გამოკიდებული. თუმცა ფლორენტინო პერესს ჟოზე მოურინიო, შემდეგ კი კარლო ანჩელოტი, მისით არ ჩაუნაცვლებია. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ იმ მომენტისთვის, ზიზუს "რეალის" პრეზიდენტი არ განიხილავდა გუნდის მრავალწლიან მესაჭედ.

პრინციპში, რაფა ბენიტესის მოხსნისა და ზინედინის დანიშვნის შემდეგაც არ რჩება ასეთი შეგრძნება - ერთი, რომ ბენიტესის მოხსნა უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო, როგორც წესი, პერესი შუა სეზონში მწვრთნელს არ უშვებს; მეორეც, ფრანგს მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი.

43 წლის სპეციალისტის სასარგებლოდ არც "რეალ მადრიდ კასტილიას" შედეგები მეტყველებს, რომელსაც ზიზუ ბოლო სეზონ-ნახევარი წვრთნიდა.

შესაძლოა, ზიდანი ისეთი დონის სპეციალისტი ვერაა, როგორც რაფა ბენიტესი, მაგრამ მას ძალზე გაუადვილდა ის, რაც ბენიტესმა ვერაფრით შეძლო - შტურმით მოინადირა ფანების გულები.

გუშინ "რეალის" ბაზაზე პირველი, საჩვენებელი ვარჯიში ჩატარდა, რომელსაც 6 ათასი ფანი დაესწრო. ისინი ზიზუს ფეხზე წამომდგარნი, ოვაციებით შეეგებნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგის მეთაურობით პირველ ვარჯიშზე ვერავინ მოჰკრა თვალი მსოფლიოს უძვირფასეს ფეხბურთელ გარეთ ბეილს. უელსელი არ იყო, მაგრამ იყო კრიშტიანო რონალდო და თანაც, მთავარ როლში.

თავად ზიდანმა განაცხადა, რომ ბეილი კუნთზე მცირე პრობლემის გამო ვერ მოხვდა ამ შოუ-ვარჯიშზე. ის "ვალენსიასთან" 2:2 შეხვედრაში (რომელმაც აავსო "რეალის" ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა და ბენიტესს კარისკენ მიუთითეს) დაშავდა. ბეილი პირველი გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც არ ჩანდა. მწვრთნელის თქმით, ის დარბაზში ინდივიდუალურად ემზადება. შაბათს ზიდანის ოფიციალური დებიუტი მეშვიდეადგილოსან "დეპორტივოსთან" მატჩში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები