NBA-ში დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ
Aa
Aa

NBA-ში დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოავლინა დეკემბრის ლაურეატები.

დასავლეთი კონფერენციის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ "ოკლაჰომა-სიტის" კალათბურთელები - რასელ უესტბრუკი და კევინ დურანტი. დურანტმა თვე შემდეგი სტატისტიკური მაჩვენებლებით დაასრულა: 24.9 ქულა, 7.2 მოხსნა და 5.7 შედეგიანი პასი. უესტბრუკის საშუალო სტატისტიკა - 23.8 ქულა, 8.9 პასი, 5.9 მოხსნა და 2.73 ჩაჭრა იყო. დეკემბერში "თანდერმა" 15-დან 12 მატჩი მოიგო.

აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა "ვაშინგტონის" გამთამაშებელი ჯონ უოლი, რომელიც საშუალოდ 22.6 ქულას, 11.7 შედეგიან პასს, 4.8 მოხსნასა და 2.3 ჩაჭრას აგროვებდა და თავის გუნდს 16-დან რვა მატჩის მოგებაში დაეხმარა.

დასავლეთში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს "სან ანტონიოს" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი. მისი გუნდი 14 მოგებითა და ორი წაგებით საუკეთესო იყო დეკემბერში ლიგაში. აღმოსავლეთის ლაურეატი კი "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელი სკოტ სკაილზი გახდა. მისმა გუნდმა 15-დან 10 მატჩი მოიგო.

გარდა ამისა, NBA-მ გამოაცხადა დეკემბრის საუკეთესო დებიუტანტები. აღმოსავლეთში ეს არის კრისტაპს პორზინგისი ("ნიუ იორკი") და დასავლეთში - კარლ ენტონი თაუნსი ("მინესოტა").

დეკემბერში პორზინგისის სტატისტიკა იყო - 12.6 ქულა, 6.4 მოხსნა, 1.4 შედეგიანი პასი და 2.2 დაფარება 26 სათამაშო წუთში. თაუნსი აგროვებდა 18.6 ქულას, 9.5 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასსა და 1.6 ბლოკს (30 წუთში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები