გორგოძემ ბიარიცის ტურნირზე რუსი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა!
Aa
Aa

გორგოძემ ბიარიცის ტურნირზე რუსი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა!

ეკატერინე გორგოძემ ბიარიცის ტურნირის წყვილთა თანრიგის მატჩი გუშინ წარმატებით დაასრულა, დღეიდან კი ერთეულთა გათამაშებაში ჩაერთო და მე-8 ნომრად განთესილ რუს ირინა ხრომაჩევას დაუპირისპირდა.

გორგოძემ და ხრომაჩევა ერთმანეთს მეორედ ხვდებოდნენ. 2015 წელს, რუსმა 2 სეტში იმარჯვა, დღევანდელი შეხვედრის მცირე ფავორიტად კი ეკო მიიჩნეოდა.

ქართველმა თამაში მძიმედ დაიწყო და საწყის გეიმებში წარმატების მიღწევა უჭირდა, თუმცა სიტუაცია მალევე გამოასწორა და პარტია 2 ბრეიკით, 6:3-ზე დახურა.

ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე სეტი, რომელიც საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ხრომაჩევა ბრეიკით ორჯერ იგებდა, მაგრამ გორგოძემ საქმის ტაიბრეიკამდე მიყვანა შეძლო, სადაც ასევე უმწვავესი ბრძოლა იყო. ეკოს 2 მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა მისმა მეტოქემ საფრთხე მოიგერია და ტაიბრეიკი ანგარიშით 10:8 მოიგო.

მე-3, გადამწყვეტ სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა, სიტუაციას მთლიანად გორგოძე აკონტროლებდა, რაც მშრალი ანგარიშით მოგებული სეტით დაგვირგვინდა - 6:3; 6:7; 6:0.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. საინტერესოა, რომ გორგოძე პირველ პარტიაში ძალიან ზუსტად აწვდიდა და 29-დან 28 ბურთი თამაშში პირველივე ცდიდან შეიყვანა - 97%. რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, ეკომ პირველ მოწოდებაზე 72-დან 44, ხოლო მეორეზე 23-დან 11 ქულა მოიგო.

ეკატერინე გორგოძის მომდევნო მოწინააღმდეგე 25 წლის არგენტინელი, პაულა ორმაეჩეა იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 325-ე ჩოგანია. ორმაეჩეას კარიერაში 50 000-იანზე პრესტიჟული ტურნირი არ მოუგია, თუმცა 2013 წელს მსოფლიო რეიტინგის 59-ე საფეხურზე იყო.

ჩოგბურთელებს ერთმანეთის წინააღმდეგ ერთადერთხელ უთამაშიათ და ეს 2017 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა არგენტინელმა დაძაბული შეხვედრა, 7:6; 6:3-ით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგის 1/4 ფინალურ მატჩს ხვალ ჩაატარებს და აკგულ ამანმურადოვასთან ერთად, მარია ბარასა და ვალენტინა ივახნენკოს წყვილის დამარცხებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები