Aa
Aa

საქართველოს ნაკრები ისრაელში ჩავიდა - მატჩისწინა განწყობა და კომენტარები

საქართველოს ეროვნული ნაკრები თელ ავივშია და ისრაელის ნაკრებთან 13 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის ემზადება. თბილისური ვარჯიშების შემდეგ ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც დღეს, გამთენიისას ისრაელში გაემგზავრნენ.

ნაკრები ისრაელში თბილისი – თელ ავივის რეისით, დილის 7 საათზე გაფრინდა და ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის სასტუმრო “ხფარ მაკაბიაში” დაბინავდა. კალათბურთელებმა ისაუზმეს და დასასვენებლად ნომრებს მიაშურეს.

 

დღეს, საღამოს 19:30 საათზე საქართველოს ნაკრები თელ ავივის “მენორა მივტახიმის”, იგივე “ნოკია არენაზე” ივარჯიშებენ. სწორედ ამ დარბაზში ჩატარდა 2017 წლის სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩები, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა დამატებით დროში – 104:91 დაამარცხა ისრაელის ეროვნული გუნდი.

სატურნირო თვალსაზრისით ხვალინდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ 5 მატჩია, დამარცხებული გუნდი ფაქტობრივად ეთიშება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ბრძოლას. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს უფრო მეტად სამომავლოდ გუნდის შეთამაშებისა და თაობათა უმტკივნეულოდ ცვლის მნიშვნელობა აქვს.

 

საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ევროლიგის მოთამაშეებთან – თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან ერთად საქართველოს ნაკრებში ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი, ესპანურ “ბასკონიაში” შენგელიას თანაგუნდელი, აღიარებული სნაიპერი – მეტ ჯენინგი ითამაშებს. 

ხვალ, თამაშის დღეს, ნაკრები დილის ვარჯიშზე მოახლოვებული მატჩისთვის “ნოკია არენაზე” მოითელება, ხოლო ისრაელისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” გადმოსცემს.

ისრაელიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია ონლაინ TKT.GE-ზე. ბილეთების ფასი  5, 10, 15 და 25 ლარია.

წყარო: gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები