ახალი რეკორდი! - ბასილაშვილი მსოფლიოს 31-ე ჩოგანია!
Aa
Aa

ახალი რეკორდი! - ბასილაშვილი მსოფლიოს 31-ე ჩოგანია!

ამერიკის ღია პირველობის დასრულებისთანავე, ATP-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ბასილაშვილის, რომელმაც US Open-ის 1/8 ფინალში გააღწია და 180 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, საუკეთესო შედეგი მსოფლიოს 35-ე ჩოგბურთელობა იყო, ახლა კი იგი რეიტინგის 31-ე პოზიციაზეა. ქართველის აქტივში 1322 ქულაა, რაც 30-ე პოზიციაზე მყოფი სტივ ჯონსონის მონაგარზე მხოლოდ 18 ქულით ნაკლებია.

მამაკაცებს შორის, დამოუკიდებელ საქართველოში ეს ახალი რეკორდია, ბასილაშვილამდე საუკეთესო რეიტინგი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა, რომელიც მსოფლიოს 42-ე ჩოგანი გახლდათ.

რაც შეეხება ქალთა მსოფლიო კლასიფიკაციას, ეკატერინე გორგოძე 168-ე ადგილზეა, მარიამ ბოლქვაძე 443-ზე, სოფია შაფათავა 489-ზე, ხოლო ზოზი ქარდავა 821-ზე. პირველი სამეული მიმდინარე კვირაში 3 სხვადასხვა ტურნირზე ითამაშებს, რის შესახებაც crystalsport.ge ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები