რიკარდო: „რედ ბული“ დაბრუნდება
Aa
Aa

რიკარდო: „რედ ბული“ დაბრუნდება

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ რაც „რედ ბულმა“ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი და პილოტების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მაგრამ ორი სეზონია, „მერსედესის“ და „ფერარის“ ჩრდილში გადაინაცვლა და ლამის პელოტონის შუამდეც ჩამოქვეითდა.

მაგრამ ყველა საბაბი გვაქვს იმისათვის, რომ ეს დროებით მოვლენად ჩავთვალოთ. სხვა თუ არაფერი, მათს ტექნიკურ შტაბს ისევ ჰყავს გენიოსი ედრიან ნიუი, ვინც ფორმალურად შესაძლოა, ამ შტაბს არ ხელმძღვანელობს, თუმცა მისი მთავარი ფიგურა სწორედ ისაა. მართალია, ავსტრიული გუნდი ახალ სეზონშიც „რენოს“ რებრენდირებული აგრეგატებით იასპარეზებს, რომლებმაც გასულ სეზონში მისი წარუმატებლობა დიდწილად განაპირობა, მაგრამ ხარები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

„ვფიქრობ, გასული სეზონის პირველი ექვსი თვე, ყველა ჩვენგანისთვის გამოცდა იყო. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ან ალტერნატივა უნდა ვიპოვნოთ, ან ერთად თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ჩემი აზრით, გუნდმა შემობრუნება შეძლო. ამ პრობლემებს, ჩვენი მუშაობის შეფერხება შეეძლო, თუმცა შუა სეზონიდან, მანქანას გამოცოცხლება დაეტყო“, - ყვება დანიელ რიკარდო.

მართლაც, შუა სეზონიდან მანქანა აშკარად უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, რაც არამხოლოდ ქულების რაოდენობაზე, არამედ პილოტების გამოსვლებზეც აისახა. განსაკუთრებით გაუმჯობესდა აეროდინამიკური პაკეტი, რაშიც „რედ ბული“ ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე (იმავე ნიუის წყალობით). რიკარდო დასძენს, რომ როცა მანქანა შესაბამისად აღიჭურვება (აგრეგატს გულისხმობს), მისი გუნდი ისევ კონკურენტუნარიანი გახდება.

იმავდროულად, რიკარდო აცნობიერებს, რომ ამ ეტაპზე, „მერსედესის“ დონეზე ასვლა გაუჭირდებათ და ეს არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გაუმჯობესდება მანქანა: „მომავალ სეზონამდე ბევრი დროა. ჩვენ ცოტა უკეთესად მოვემზადებით, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება „მერსედესთან“ გასატოლებლად. ამას ალბათ 2017 წლიდან თუ შევძლებთ. თუმცა ვინ იცის“, - დასძენს რიკარდო.

ცხელი ამბები